ვიქტორ ორბანი - აუცილებელია, შევამციროთ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება და დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები
სიტუაცია, რომელშიც ამჟამად ევროპა იმყოფება, რთული და საშიშია. სამი წელია, უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ესკალაციაა ახლო აღმოსავლეთში. ვდგავართ სახიფათო პერსპექტივის წინაშე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროპული მოდელის საფუძველს, ევროპულ მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, ამ გამოწვევებს ქვეყნები ერთად გაუმკლავდნენ და იმსჯელონ, როგორი იქნება პასუხი გამოწვევებზე.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოება ამ სამიტზე უკვე მეხუთედ იკრიბება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უნგრეთს შეუძლია, გააგრძელოს ემანუელ მაკრონის გზა და ვუმასპინძლოთ ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას უნგრეთში. ეს უპრეცედენტო დიპლომატიური მოვლენაა. სიტუაცია, რომელშიც ამჟამად ევროპა იმყოფება, ძალიან რთული და საშიშია. უკვე სამი წელია, უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ესკლაციაა ახლო აღმოსავლეთში. გლობალლური ეკონომიკა ამ სირთულეების გამო რთული გამოწვევების წინაშეა. ვდგავართ ძალიან სახიფათო პერსპექტივის წინაშე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ევროპული მოდელის საფუძველს, ევროპულ მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. პასუხები, რომლებსაც დღეს ამ გამოწვევებს გავცემთ, განაპირობებს ევროპის მომავალს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ერთად უფრო ძლიერები ვართ. უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად კარგად ვაანალიზებთ გამოწვევებს, როგორი იქნება ჩვენი პასუხი. უნდა ჩამოვყალიბდეთ და დავაკონკრეტოთ ის სფეროები, სადაც მზად ვართ, ერთად დავდგეთ. ვისაუბრებთ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმაზე, როგორ შეგვიძლია, კვლავ დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში. როგორ შეუძლია ევროპას, უფრო დიდი როლი ითამაშოს მშვიდობის უზრუნველყოფაში. როგორ შეუძლია ევროპას, იყოს უფრო თავდაჯერებული და წარმოადგინოს თავისი ინტერესები. ეს ამერიკის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მთავარი საკითხია. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად ერთად უნდა გადავხედოთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. დღეს ჩვენ ასევე ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ კავშირები და, ამავდროულად, უზრუნველვყოთ ჩვენი სტრატეგიული ავტონომია. აუცილებელია, შევამციროთ დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე და დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტში მონაწილეობენ 40-მდე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.