ვიქტორ ორბანი - ამერიკა ომს აღარ წაახალისებს, დონალდ ტრამპს სძულს ომი, ეს ჩვენზეც იმოქმედებს, რადგან უკრაინაში ომს მხოლოდ ევროპა ვერ დააფინანსებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის გარეშე ევროკავშირი უკრაინაში ომის დაფინანსებას ვერ შეძლებს.
როგორც ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეწყვეტს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაფინანსებას, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიღწევას გახდის შესაძლებელს.
„ომი ახლა ყველასთვის მთავარი საკითხია. ამერიკა ამას აღარ წაახალისებს, რადგანაც დონალდ ტრამპს სძულს ომი. ეს ჩვენზეც იმოქმედებს, რადგანაც მხოლოდ ევროპა ამ ომს ვერ დააფინანსებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ეს იქნება „რთული ამოცანა“, რადგან ორი წლის განმავლობაში „შეერთებული შტატები მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ომი და სანქციები კარგია“.
რადიო Kossuth-ის დილის გადაცემაში საუბრისას ორბანმა თქვა, რომ აშშ უკრაინის კონფლიქტიდან მას შემდეგ გამოვა, რაც დონალდ ტრამპი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.
მისვე თქმით, უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო დააზარალა.
„ეს ომი რომ არ ყოფილიყო, ევროპის ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ოთხი წლის წინ დონალდ ტრამპს რომ გაემარჯვა, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, რადგანაც აშშ-ში იქნებოდა ძლიერი ლიდერი. ჩვენ ძვირი გადავიხადეთ ამ ოთხ წელიწადში. მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა. დონალდ ტრამპმა ისეთ გამარჯვებას მიაღწია, ამის დანახვა შეიძლება არა მხოლოდ მთვარიდან, არამედ მარსიდანაც“, – განაცხადა ორბანმა.
ამავე ინტერვიუში ორბანმა თქვა, რომ შეერთებული შტატების გამოსვლა უკრაინის კონფლიქტიდან იქნება „რთული ამოცანა“.
„ორი წლის განმავლობაში ისინი მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ომი და სანქციები კარგია, ხოლო მშვიდობის მომხრეები სულელები არიან. მიმართულების უეცარი შეცვლა არ იქნება მარტივი. ეს რთული, არაკომფორტული და ძნელად გადასაჭრელი სიტუაციაა“, – განაცხადა უნგრეთის ლიდერმა.