ვიქტორ ორბანი - არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ხალხმა აირჩია მშვიდობა
არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, უნგრეთშიც ასეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბანის თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია მშვიდობა.
„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არავის მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად.
ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დახმარება აღმოგიჩინოთ. უნგრელი ექსპერტები გამოვაგზავნეთ თბილისში და ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც ვიზიტით იყვნენ ჩვენთან და დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.