ვიქტორ ორბანი - ანგელა მერკელი რომ კანცლერი იყოს, ომი არ დაიწყებოდა, დონალდ ტრამპი კი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია
დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია. ანგელა მერკელი რომ კანცლერი იყოს, ომი არ დაიწყებოდა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ძალიან შორს წავიდა“, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
„ეს ძალიან გაურთულებს ბაიდენს, რომ მშვიდობა დაამყაროს. ეს სასტიკად ჟღერს, მაგრამ მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მედია იუწყება, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ მოახერხა კონფლიქტის იზოლირება, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას, და ორბანმა მაშინდელი მიღწევა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის პოლიტიკურ უნარებს მიაწერა.
ორბანმა მერკელის დიპლომატიას ოსტატური უწოდა. შეკითხვაზე, შეძლებდა თუ არა მერკელი ომის თავიდან არიდებას, ორბანმა უპასუხა: „დარწმუნებული ვარ.“
ორბანმა მიანიშნა, რომ აშშ გახდა ომის მხარე კიევისთვის ფულის, იარაღის მიწოდებით და ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე უკრაინა გააგრძელებს ამერიკის მხარდაჭერის მიღებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის.
„მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ ამ ომის დასრულება“ – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.