ვიქტორ ორბანი - ამ მომენტისთვის კომპრომისი არ არსებობს, ევროკომისიის უპასუხისმგებლო ქცევის გამო, რთულ სიტუაციაში ვართ, ჩვენი პოზიცია მარტივია, თავდაპირველად გვჭირდება გამოსავალი და შემდეგ სანქციები
სანქციების ხუთი პაკეტი სხვაგვარად იყო მიღებული, ჯერ სანქციებს ვიღებდით, შემდეგ ვფიქრობდით შედეგებზე და ვცდილობდით გამოსავლის პოვნას, მაგრამ რადგან მეექვსე პაკეტი ენერგორესურსებს ეხება, ეს უფრო სახიფათო და სერიოზულია. ამიტომ უნდა შევცვალოთ მიდგომა, ჯერ ვიპოვოთ გამოსავალი და შემდეგ – სანქციები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მზად არიან, მხარი დაუჭირონ სანქციების მეექვსე პაკეტს, თუ იქნება წარმოდგენილი გამოსავალი უნგრეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებაზე.
„ამ მომენტისთვის კომპრომისი საერთოდ არ არის. შეთანხმება არ არსებობს. მე ახლახანს ავიღე ტექსტი და რა თქმა უნდა, შეთანხმება არ არის. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და ეს ხდება ევროკომისიის უპასუხისმგებლო ქცევის გამო. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ კომისიის მიერ არ იქნება წარმოდგენილი არანაირი წინადადება ენერგორესურსებზე, რაც არ არის სათანადოდ შეთანხმებული ევროკავშირის წევრებს შორის და ახლა სრულიად მოულოდნელად გვაქვს საუბარი ნავთობის ემბარგოზე, თან ისე, რომ არ არის გაცემული კითხვები უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე – ეს სიტუაცია არის რთული და ევროკომისიის მიერ შექმნილი. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სანქციებზე შეთანხმება არ არსებობს, ეკისრება ევროკომისიას. უნგრეთის პოზიცია მარტივია – თავდაპირველად ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და შემდეგ სანქციები. ამ დრომდე სანქციების 5 პაკეტი სხვაგვარად იყო მიღებული. ჯერ სანქციებს ვიღებდით და შემდეგ ვფიქრობდით შედეგებზე და ვცდილობდით გამოსავლის პოვნას, მაგრამ რახან მეექვსე პაკეტი ეხება ენერგორესურსებს, ეს უფრო სახიფათო და სერიოზულია. ამიტომ უნდა შევცვალოთ მიდგომა -ჯერ ვიპოვოთ გამოსავალი და შემდეგ სანქციები. ახლა წარმოდგენილი წინადადება არ არის კარგი. ჩვენ მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი მეექვსე პაკეტს იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი გამოსავალი უნგრეთისთვის ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებაზე.
მილსადენით მიწოდებული ნავთობის სანქციებიდან გამორიცხვა არ არის ცუდი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ თუ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეწყდა, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ გვექნება საშუალება, ნავთობი სხვა გზებით მივიღოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე.