ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ვეტოს დაადებს
უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დააწესოს რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის კომპანიის, „როსატომის“ წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, უნგრეთში მდებარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული ბირთვული ელექტროსადგური „პაკში“, რომლის გაფართოებასაც ბუდაპეშტი „როსატომთან“ ერთად გეგმავს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ბირთვული ენერგეტიკისთვის სანქციების დაწესების გეგმა განხორციელდეს, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
როგორც მედია წერს, ევროკავშირის წევრი უნგრეთის მთავრობა ხშირად აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს და აცხადებს, რომ შეზღუდვებს რუსეთი მნიშვნელოვნად არ შეუსუსტებია, თუმცა ისინი ევროპის ეკონომიკის განადგურების საფრთხეს ქმნიან.