ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ოლივერ ვარჰეის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი იყო.
„გასული ხუთი წლის განმავლობაში კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება, იყოს პოზიტიური ძალა თავის მეზობლებში და მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს მომავალ ევროპულ კომისიაში“, – წერს ორბანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, დაესახელებინათ კანდიდატები კომისრის თანამდებობებზე. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა თითოეულ ქვეყანას სთხოვა, წარედგინა ორი კანდიდატი – კაცი და ქალი, რათა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობა გენდერულად დაბალანსებული ყოფილიყო. გამონაკლისი არის ის შეთმხვევა, როდესაც ქვეყნები არსებულ კომისრებს ინარჩუნებენ თანამდებობებზე.