ვიქტორ ჯაფარიძე - გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს
ვიქტორ ჯაფარიძე - გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს

ადამიანი, რომელიც არაფერს ინანიებს და კიდევ აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, სადაც რატი ბრეგაძე ამბობს: „თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზემოქმედებას, რათა მოპოვებული იყოს თავისუფლება, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ“.

ვიქტორ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები უნდა გაასაჯაროოს.

„გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა. გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.

„რომ საუბრობთ, ევროპარლამენტარებმა და ფოტიგამ რაღაც თქვაო, არ იყო მათი განცხადებები მისაღები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა. სააკაშვილის რომელი უფლებაა დარღვეული, საავადმყოფოში არაა, არ მკურნალობენ თუ რა?“ – განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.