ვიქტორ ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, თავისუფალი ადამიანები არიან? მათ ვგულისხმობ, ვინც ფულის გამოა საპროტესტო აქციაზე
სირცხვილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობასა და მორჩილებას, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ყველამ კეთილი ინებოს და დამოუკიდებელ ქვეყანას პატივი სცეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს დასავლეთიდან ეუბნებიან, კანონს ხმა რატომ მიეციო, ეს დემოკრატია არ არის.
„სირცხვილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობასა და მორჩილებას. საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც კანონს თავისი შეგნებით მხარი დაუჭირა, უცხო ქვეყნის, გნებავთ, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ეუბნება, კანონს ხმა რატომ მიეციო, ეს არის დემოკრატია? ქვეყნის პარლამენტის საქმიანობაში ასეთი ჩარევა დემოკრატიული პროცესი გგონიათ? 37-იან წლებს რომ იხსენებთ და ამდენი საზიზღრობა გააკეთეს კომუნისტებმა, ზუსტად იმ პერიოდში იყო, რომ შვილი მამაზე პასუხს არ აგებსო, იმას გადაასწრეს? დაასანქცირონ, ბატონო, რაც გინდათ, ის გააკეთონ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ყველამ კეთილი ინებოს და დამოუკიდებელ ქვეყანას პატივი სცენ. მომავალი თაობა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, მომავალი მათია, ხელისუფლებაში მოვლენ და როცა თქვენ გაგიბედავენ, რომ ამა თუ იმ კანონს მხარი რატომ დაუჭირეთო, მაშინ მიხვდებით, თუ რამხელა შეცდომას ჩადიოდით ამ კანონის გაპროტესტებით, როდესაც ფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრმა ამა თუ იმ კანონს თავისი ნებით მხარი არ უნდა დაუჭიროს“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, როდესაც პარლამენტის წევრს დაფარული ნომრებიდან ურეკავენ და წერენ, ეს არის ბულინგი, „ბულინგი მათი მეთოდია – ფაშისტური მეთოდი“.
„რაც შეეხება ბულინგს, ეს მაგათი მეთოდია – ფაშისტური მეთოდია, რომ დაფარული ნომრებით გირეკავენ და რაღაც სასულელეებს გწერენ. გუშინ ვიღაც დათიკაშვილი ამერიკული ნომრიდან მწერდა. ამ კანონში სტიგმატიზება არისო – გაიძახიან ევროპელები. „მონაზე“ მეტი სტიგმა, რა გინდათ? საერთოდ იცი, „მონა“ რა არის? ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან? მას ვგულისხმობ, ვინც ფულის გამოა საპროტესტო აქციაზე. მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვისტვენდა და იგინებოდა. მივდიოდი, მაგინებდა. გიჟი ვიყავი, მანქანიდან რომ გადმოვხტი?“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.