ვიქტორ ჯაფარიძე - აშშ-ის ყოფილ ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს კანონი, ისე თქვა, რუსულიაო, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს
ვიქტორ ჯაფარიძე - აშშ-ის ყოფილ ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს კანონი, ისე თქვა, რუსულიაო, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს

აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას სჭირდება, თუ ეს კანონპროექტი საფრანგეთმა პირველი მოსმენით, 171 ხმით მიიღო, ჩვენ რატომ არ უნდა მივიღოთ? რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა? ყოველდღე საუბრობენ, რომ თითქოს კორუფციაა, ვიღაც რაღაცას მალავს, დადგნენ და გამჭვირვალედ აჩვენონ, ესა თუ ის თანხა რას ხმარდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხდა.

მისი თქმით, გასულ წელს კანონი არავინ წაიკითხა და მონათლეს, როგორც რუსული კანონი.

„ამერიკის ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს, ისე თქვა, რომ რუსული კანონიაო. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. მოსახლეობა მხარს დაუჭერს იმას, რომ იცოდნენ, თანხები რას ხმარდება. ხმაურს და დაპირისპირებას არ ველოდებით. გოგა ხაინდრავასა და კაპიტან გიგაურს სასამართლო პროცესი ჰქონდათ, სადაც დადასტურდა, რომ მის ორგანიზაციას 18 მილიონი ჰქონდა და რაში დახარჯეს? თქვან, რაში ხარჯავენ? ამ თანხებს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ხარჯავენ. ევროპულ ქვეყნებში დადიან და ამბობენ, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის, ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ეს მაშინ, როცა სხვა რეიტინგები იდება ქვეყნის თაობაზე. დათმობაზე წავედით, მაგრამ მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.