ვიქტორ იუშჩენკო-შხამი საკვებში შეურიეს, რომელიც რესტორანში მივირთვი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2004 წლის ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულს, მეუღლემ უთხრა, რომ მას ტუჩებზე მეტალის გემო აქვს. ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში, მისი მოწამვლის დეტალებზე საუბრის დროს განაცხადა.
“მე შევხვდი უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს. მათ მითხრეს, რომ შხამი ბრინჯში შეურიეს, რომელიც რესტორანში მივირთვი. სამკურნალოდ ავსტრიაში გავემგზავრე, სხეული შეშუპებული მქონდა. თავი კი თითქოს უფრო დიდი ზომის. მთელს ორგანიზმში ტკივილს ვგრძნობდი”,- განაცხადა იუშჩენკომ.
ჟურნალისთის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ მისი მოწამვლის ბრძანება პუტინმა გასცა, იუშჩენკო ვერ პასუხობს.
“მე მაქვს პასუხი, მაგრამ ვერ გავახმიანებ” ,- აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენეტი.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმეზე საუბრისას იუშჩენკო ამბობს, რომ გული წყდება, რადგან ევროპა ერთიანი არ არის.
“მწყდება გული, რომ ევროპა დაბრმავდა, არ არის ერთიანი, სოლიდარული, როდესაც საქმე რუსეთის პოლიტიკას ეხება. ვისურვებდი, ერთიანი ევროპა მიხვდეს, რომ ევროპის მოქალაქეებისთვის მთავარი საფრთხეა რუსეთის მიერ გატარებული შუა საუკუნეების დროინდელი პოლიტიკა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იუშჩენკო უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს მოწამლეს. “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ იუშჩენკომ არჩევნებში გაიმარჯვა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა.