ვიქტორ დოლიძე - ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ქვეყანა ამისთვის მზად არის, ეს როგორ მოხდება, რა ინსტრუმენტებით, ამას ნატო-ს გადაწყვეტილება გვაჩვენებს
ვიქტორ დოლიძე - ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ქვეყანა ამისთვის მზად არის, ეს როგორ მოხდება, რა ინსტრუმენტებით, ამას ნატო-ს გადაწყვეტილება გვაჩვენებს

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, წლის ბოლოა და ჩვენ გასული წლის შეჯამება გავაკეთეთ იმ სამუშაოების თაობაზე, რომლებიც განხორციელდა. ვაშინგტონის დაგეგმილ სამიტზე ბევრს ვსაუბრობთ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, ნატოელ კოლეგებთან შეთანხმებით მაქსიმალურად მოვიპოვოთ მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა მომავალი წევრობის და, ამავე დროს, პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა.

დოლიძის თქმით, საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას.

„გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მხარდაჭერა რეგიონში არსებული ვითარებიდან და ასევე მსოფლიოში არსებული პოლარიზებული ვითარებიდან. ვფიქრობ, რომ ამ სირთულეებს რაღაც ერთგვარი შესაძლებლობებიც აქვს. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ქვეყანა ამისთვის მზად არის და ეს როგორ მოხდება, რა ინსტრუმენტებით და რა მომავალი ექნება, ამას ნატო-ს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურია და ბურთი მათ მოედანზეა. ნატო-ს ახალ უსაფრთხოების კონცეფციაში გვაქვს კიდევ ერთხელ იმის დაფიქსირება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს დღეს იქნება, ხვალ თუ სამ წელიწადში, თარიღებსა და სტატუსებზე საუბარს ვერიდებით. ეს მიხდება მაპით, მის გარეშე თუ რაიმე სხვა მექანიზმით, რა თქმა უნდა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო მზად არის და ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. გადაწყვეტილება ნატო-ს მხარესაა. ვფიქრობ, რომ ვაშინგტონის სამიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება იმის, რომ ამგვარი მხარდაჭერა მოვიპოვოთ. განწყობა დადებითია და გატარებული რეფორმები არის უმაღლეს დონეზე შესრულებული“, – განაცხადა დოლიძემ.