ვიქტორ დოლიძე - საქართველოს გაწევრიანება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და ამაზე ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთსულოვანია
საქართველოს გაწევრიანება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და ამაზე ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთსულოვანია, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა და შეხვედრები შედგა როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.
„მრავალმხრივ ფორმატში, მოგეხსენებათ, მინისტერიალი გაიმართა გუშინ და ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა სრულყოფილად მოახერხა იმ გზავნილების მიწოდება ჩვენი მოკავშირეებისთვის, თუ რა სახის დახმარება გვჭირდება როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ურთიერთთავსებადობის გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველოს გაწევრიანება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და ამაზე ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთსულოვანია
რაც შეეხება ურთიერთავსებადობის გაძლიერებას და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მთელი ევროპისთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გვქონდა საშუალება, პირველად მონაწილეობა მიგვეღო ე.წ. რამშტაინის ფორმატში, სადაც უკრაინისთვის სამხედრო სახის დახმარებაზეა საუბარი და ფორმატია ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის. ეს არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ხაზს უსვამს ალიანსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და თავად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას ნატო-სთვის.
გარდა ამისა, ჩვენ იცით, რომ ორმხრივი შეხვედრები გვქონდა და დღესაც გვაქვს დაგეგმილი როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ასევე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან. აქაც ჩვენ რა თქმა უნდა, განვიხილავთ ჩვენი მომავალი წევრობის საკითხს, განვიხილავთ ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას, სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობას, რომელიც უკვე სამიტზე მიიღება და მინდა გითხრათ, ჩვენ მარტო ნატო-ს საკითხებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ ევროპაზეც ვლაპარაკობთ, ევროკავშირზე ვსაუბრობთ. ხვალ იცით, ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ამასთან მიმართებაში და არ ვკარგავთ არც ერთ შესაძლებლობას, რომ ეს საკითხიც არ დადგეს ჩვენს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.