ვიქტორ დოლიძე - საქართველო არის ნატო-ს ყველაზე სანდო და ახლო პარტნიორი, ეს დავამტკიცეთ წლების განმავლობაში, საქართველოს საკითხი ყოველთვის დგას უმაღლესი დონის შეხვედრების დღის წესრიგში
საქართველო არის ნატო-ს ყველაზე სანდო, ერთგული და ახლო პარტნიორი, ჩვენ ეს წლების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ, ამავე დროს, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, ბუნებრივია, საქართველოს საკითხი ყოველთვის დგას ყველა უმაღლესი დონის და, მათ შორის, სამიტის შეხვედრების დღის წესრიგში.
„ჩვენს მინისტრს ექნება საშუალება, რომ ფართო მასშტაბში განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავის ნატოელ კოლეგებთან, სადაც გამართავს სადილს ამერიკელი კოლეგა ბლინკენი, ისევე როგორც მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტ ბაიდენის სახელით გამართულ საიუბილეო მიღებაზე. ამავე დროს, ექნება საშუალება, ორმხრივი შეხვედრები გაიმართოს როგორც ნატოელ კოლეგებთან უმაღლეს დონეზე, ასევე, რა თქმა უნდა, თავის კოლეგებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ჩვენთვის მტკივნეული საკითხების განხილვა იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის განცხადებით, პოლიტიკურ დეკლარაციასთან დაკავშირებული მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„ბრიუსელში გასულ კვირას, ელჩების მოადგილეების დონეზე, ერთგვარი ჩარჩო შეიქმნა დოკუმენტის, კიდევ გაგრძელდება მასზე მსჯელობა და საბოლოო სახეს მიიღებს. ამიტომ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის საიუბილეო სამიტი, ეს არ იქნება ისეთი მრავლისმომცველი, 60-80-პარაგრაფიანი დოკუმენტი, როგორიც ადრე მიიღებოდა ხოლმე, ამიტომ კონკრეტულ დეტალებს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონთან დაკავშირებით არ აპირებენ, გარდა უკრაინისა, სადაც ომი მიმდინარეობს და ცხელ ფაზაშია. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სამომავლო გეგმები, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის აუცილებლობა, როგორც ყოველთვის, დგას როგორც ჩვენთან, ასევე მოლდოვასთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, ხაზი გაესმება ამას“, – განაცხადა დოლიძემ.