ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სერბეთში იმყოფება და საქართველოში 15 ნოემბერს დაბრუნდება.
ვიქტორ დოლიძე სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა. მათ ერთმანეთს ევროპასთან დაახლოების გზაზე საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის ინტერესი იმ საკითხების მიმართ, რომელიც სერბეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ინტეგრაციის პროცესებს, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება.
აუცილებელია გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნების ევროპასთან დაახლოებას“,-განაცხადა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩმა.
იადრანკა იოკსიმოვიჩმა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა, რაც სერბეთმა გაიარა ევროკავშირის კანდიდატობამდე მიმავალ გზაზე.
ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირთან საკანონმდებლო და პრაქტიკული დაახლოების პროცესში მიმდინარე სამუშაოებსა და მიღწევებზე. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ კომუნიკაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.
ვიქტორ დოლიძე სერბეთში გერმანიიდან ჩავიდა.