ვიქტორ დოლიძე - ნატო-ში ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა
ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-ს ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ კუთხით, ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით, რაც შეიძლება სწორად უნდა გადაიდგას. დოლიძის თქმით, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგან მიმდინარეობს სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტის გადახედვა და ამ პროცესში საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული.
„ჩვენ გვინდა მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს ამ პროცესიდან. წელს, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ნატო-ს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე გვინდა ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად, საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, -განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას.
ნატო-ში საქართველოს ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი არის ზოგადად მნიშვნელოვანი პროცესი და თავის წვლილს, კონტრიბუციას შეიტანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონტექსტში.
დოლიძის განცხადებით, ავღანეთსა და ზოგადად ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს წვლილი, არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.