ვიქტორ დოლიძე - ნატო-საქართველოს კომისიაზე დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარება ერთ-ერთი პირველი განსახილველი თემა იყო, დაიგმო რუსეთის ნაბიჯები
ვიქტორ დოლიძე - ნატო-საქართველოს კომისიაზე დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარება ერთ-ერთი პირველი განსახილველი თემა იყო, დაიგმო რუსეთის ნაბიჯები

ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის დღეს გამართული სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მისი თქმით, დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საკითხების მრავალფეროვნებას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეც, რომ პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ინტენსიურია ჩვენი თანამშრომლობა. მინდა გითხრათ, რომ მხარდაჭერა იყო ყველა მიმართულებით. პირველ რიგში, მადლობა გადაგვიხადეს და მიესალმნენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ასეთ ეფექტიან ბრძოლას პანდემიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა მომავალშიც გაგრძელდება.

ვიქტორ დოლიძემ სხდომაზე განხილულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

„უსაფრთხოების საკითხები, დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება იყო ერთ-ერთი ნომერ პირველი განსახილველი თემა. დაიგმო რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ის განვითარებები, რომელიც მოჰყვა. რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირეს რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში გატარდა, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით; საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის ნატო-ს თანამეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები მომენტი, რომელსაც დღეს არაერთხელ გაესვა ხაზი საბჭოს განმავლობაში;  გარდა ამისა, რეფორმებს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა  – სამოქალაქო სექტორის განვითარება, მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის შემდგომი ტალღა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამ ეტაპზე, მრავლისმომცველი სხდომა, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა საკითხს“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია შავი ზღვის უსაფრთხოების თემა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

„არ შეიძლება, ასევე არ აღინიშნოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, არ შეიძლება, არ აღინიშნოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც განახლების პროცესშია და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არამხოლოდ დოკუმენტი, არამედ პროცესი, რომელსაც მოჰყვება განვითარება. სხვადასხვა დელეგაციას ამ პაკეტის სხვადასხვა კომპონენტთან დაკავშირებით აქვთ საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები, რათა დაეხმარონ საქართველოს ნატო-სთან თავსებადობისა და ჩვენი შესაძლებლობების ამაღლებისა და გაზრდის კუთხით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო ალიანსის მხრიდან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის ჩართულობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და ასევე პანდემიის ეფექტიანი პრევენციის კუთხით და ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას.