ვიქტორ დოლიძე - რუსეთმა საერთოდ დაკარგა ნდობა ცივილიზებულ სამყაროში
საქართველო და უკრაინა ვართ ერთად, იმავე საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც, უბრალოდ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს ამ წუთას საქართველოში, დანარჩენი ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც არის, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი.
„პირველი, რუსეთმა საერთოდ დაკარგა ნდობა ცივილიზებულ სამყაროში და იგი უნდა შეჩერდეს, იგი უნდა შეაჩერონ. მეორე, ნატო არასდროს არ ყოფილა ასეთი ერთიანი, როგორიც არის დღეს და მესამე – უკრაინამ რაც შეძლება მოკლე დროში უნდა მიიღოს მეტი სამხედრო-ტექნიკური, ჰუმანიტარული დახმარება თავდაცვის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანთა ფაშისტური მეთოდებით ადამიანების ხოცვა-ჟლეტა ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იქნა საქართველოს საკითხი წამოწეული. ეს არ არის გაყოფილი თემა, ეს არის ერთიანი თემა, რომ საქართველო და უკრაინა ვართ ერთად, იგივე საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც, უბრალოდ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს ამ წუთას საქართველოში. გამოიკვეთა ნატო-ს მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და რაც ყველაზე მთავარია, ამ ეტაპზე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა“, – განაცხადა დოლიძემ.