ვიქტორ დოლიძე - ვიმედოვნებ, საქართველოს დელეგაციასთან მუშაობის შედეგად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის რეზოლუციაში აისახება ჩვენი ღირებულებები და ევროატლანტიკური მისწრაფებები
მნიშვნელოვანია ამგვარ ტურბულენტურ გარემოში და იმ პირობებში, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზეწოლას, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ჩვენი ნატოელი კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერა, – ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ, ნატო-ში საქართველოს ელჩმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, „იმედი მაქვს, საქართველოს დელეგაციასთან აქტიური მუშაობის შედეგად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიის რეზოლუციაში ჯეროვნად აისახება ჩვენი ღირებულებები, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტის პატივისცემა და ევროატლანტიკური მისწრაფებები“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარ ტურბულენტურ გარემოში, ამგვარი კონტექსტის პირობებში და იმ პირობებში, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზეწოლას, აგრესიული ნაბიჯების გადადგმას და ამგვარი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, მათ შორის, ვგულისხმობ ოჩამჩირის ე.წ. საზღვაო ბაზას და ასე შემდეგ, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ჩვენი ნატოელი კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერა, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე. პირველ რიგში, საპარლამენტო ასამბლეის დონეზე, რომელიც ძალიან კარგი ფორუმია ყოველთვის ამგვარი მხარდაჭერების. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს დელეგაციასთან აქტიური მუშაობის შედეგად რეზოლუციაში ჯეროვნად აისახება სწორედ ის მთავარი ჩვენი ღირებულებები, როგორებიც არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები და სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა დოლიძემ.