ვიოლა ფონ კრამონი - მოგიწოდებთ ევროპელ ლიდერებს, დაიწყოთ მომავლის ევროპის ფორმირება, სადაც დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ ადგილი
მოგიწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს, აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაიწყოთ მომავლის ევროპის ფორმირება, სადაც დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ ადგილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, ევროპა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ გადაიდგმევა კონკრეტული ნაბიჯები.
„ჩვენ ვართ მომსწრე ისტორიაში მასშტაბური ძვრების, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. უკრაინა ღვრის სისხლს, იცავს როგორც ევროპას, ასევე საკუთარ თავს პუტინის იმპერიალისტური ბოროტებისგან. მოლდოვამ მიიღო ათასობით ლტოლვილი და ახლა წინ უდგას უზარმაზარ ეკონომიკურ ზეწოლას, რომელიც ომით არის გამოწვეული. საქართველო იყო პირველი რეგიონში, რომელიც დაისაჯა მისი ლეგიტიმური სურვილისთვის გამხდარიყო ევროპული. ამ კონტინენტის მომავალი უნდა შეიცვალოს ჩვენი ღირებულებების თანახმად ან პუტინის წესების მიხედვით. ამიტომ, უკვე დროა, ევროკავშირმა დაიწყოს ძალაუფლების ენით საუბარი და წარმოაჩინოს მისი სიმტკიცე და გეოპოლიტიკური სანდოობა. ჩვენ ასევე ხანგრძლივი ვალდებულება გვაქვს დასავლეთ ბალკანეთის მიმართ. ევროპა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ახლა, მათ ევროპული ინტეგრაციის დაპირებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს, აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაიწყოთ მომავლის ევროპის ფორმირება, სადაც დასავლეთ ბალკანეთან ერთად, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ ადგილი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.