ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ ძალიან დიდხანს შევინარჩუნეთ მოთმინება და ცოტა დავაგვიანეთ კიდეც
ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ ძალიან დიდხანს შევინარჩუნეთ მოთმინება და ცოტა დავაგვიანეთ კიდეც

ჩვენ გადავხედავთ საქართველოს ფინანსური დახმარების საკითხს, განვიხილავთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა სახის პირობები დავაწესოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს ასეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმა არ სურს, თუმცა ეს საკითხი ქართული მხარის მიერაა პროვოცირებული.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ჩვენი განცხადება შერჩევითად აღიქვეს. ეს განცხადება გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც ნამდვილად არ ყოფილა გამიზნული, ისინი შეეცადნენ ჩვენს დისკრედიტაციას და იმის თქმას, რომ ჩვენ არ გვეთქმის სიტყვა საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებაზე. ჩვენ ძალიან დიდხანს შევინარჩუნეთ მოთმინება და ცოტა დავაგვიანეთ კიდეც. ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ გადავხედავთ მაკროფინანსურ დახმარებას. განვიხილავთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა სახის პირობები უნდა დავაწესოთ. ეს არ იქნება ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეს იქნება პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილება. აქვე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ჩვენ ასეთი ნაბიჯების გადადგმა არ გვსურს. ასეთ მკაცრი გზავნილები ქართული მხარის მიერაა პროვოცირებული“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ონლაინკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გაერთიანების წევრობისგან ძალიან შორს არის.

„ვისურვებდი, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვესაუბრე საქართველოს რამდნიმე ცნობილ ადამიანს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ იმაზე შორს ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ასეთი იყო ჩემი შთაბეჭდილება. მე საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ. ბოლო წლებში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მთავრობასა და პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის მკაფიო. ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც მანამდე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არსებობს კონცეფცია, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, განსაკუთრებით როდესაც ისეთ ყველაზე პროევროპულ ფიგურებს ხსნი მნიშვნელოვანი თანამდებობიდან, როგორიც არის ნატალია საბაძანაძე. ასეთ დროს ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ შენ ნამდვილად გსურს ის, რასაც ამბობ. მე ძალიან მომწონდა ყოფილი ელჩი ბრიუსელში, ის სწორად წერს, რომ ევროპულ მისწრაფებაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, უნდა გადადგა ნამდვილი ნაბიჯები და სწორედ ეს ნაბიჯები გვაკლია.

ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილი ვნახეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან და მთავრობისგან, ბევრი როტაციაა სამინისტროებში, მაგრამ სტრატეგიას ვერ ვხედავთ, როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გამომდინარე, რამდენად არსებობს ძალაუფლების და პასუხისმგებლობის გაზიარების ნება, რამდენად არსებობს აღქმა, რომ ოპოზიციას და ხალხს უნდა ეთქმოდეს სიტყვა, ჩემი შეხედულებაა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებიდან ძალიან შორს არის“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.