ვიოლა ფონ კრამონი - 5 ივლისის ძალადობრივმა თავდასხმებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების დაახლოება მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით ვისწავლოთ
5 ივლისის ძალადობრივმა თავდასხმებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების შეთანხმება, დაახლოება მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით ვისწავლოთ, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ვირტუალურ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.
კონფერენციაზე განიხილება პარლამენტში ოპოზიციის უფლებებისა და პასუხისმგებლობების თემა. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ევროპარლამენტარები და ვენეციის კომისიის წევრები.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიხილეთ, 5 ივლისს, ძალადობრივი თავდასხმების დროს, რომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სხვადასხვა პოზიციების შეთანხმება, დაახლოება მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზებით, მთავრობისა და საზოგადოების ყველა დონეზე. ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მოვალეობაა, შექმნას შემწყნარებლობის მაგალითი, პატივისცემით მოეკიდოს სხვადასხვა პოზიციებს და ღია იყოს კომპრომისისა და დიალოგისთვის, როგორც ფუნდამენტური ნაბიჯი საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.
კრამონმა ასევე ისაუბრა კონფერენციის მთავარ ამოცანებზეც.
„უკანასკნელი მოვლენების ფონზე, ჩვენი მიზანია დავიწყოთ დისკუსია იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და საუკეთესო ევროპული მაგალითების გარშემო, რაც არსებობს პარტიათშორისი დიალოგის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების კუთხით პარლამენტის სტრუქტურის შიგნით“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრმონმა.