ვინ არის პოლონელი მუსიკოსი, რომელმაც სტრასბურგის ტერაქტის თავდამსხმელის შეჩერება სცადა [ფოტო]
ბარტო პედრო ორენტ ნიჟენსკი პოლონელი მუსიკოსი, ჟურნალისტი და ევროპარლამენტის გიდი იყო. ის სტრასბურგის ტერაქტის თავდამსხმელთან დაპირისპირების დროს დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როდესაც 11 დეკემბერს, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე 29 წლის შერიფ შექათმა ცეცხლი გახსნა, ინციდენტის ადგილზე ბარტო ნიჟენსკიც იმყოფებოდა. ის მეგობართან ერთად ერთ-ერთი ღამის კლუბის შესასვლელთან იდგა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდამსხმელმა კლუბ Les Savonsd’Helene-ში შეჭრა სცადა. ამ დროს პოლონელი მუსიკოსი თავდამსხმელს გადაეღობა და გასართობ დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცა.
მასთან დაპირისპირების დროს ბარტო ნიჟენსკი და მისი მეგობარი დაიჭრნენ, მოგვიანებით კი ორივე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლონური მედიის ცნობით, რომ არა მუსიკოსისა და მისი მეგობრის გმირული საქციელი, 11 დეკემბრის საღამო გაცილებით ფატალური აღმოჩნდებოდა.
პოლონელი მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, მის გმირულ საქციელს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და პოლონეთის პირველმა პირმა სამაგალითო უწოდეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი პირობა დადო, რომ ბარტო ნიჟენსკის ოჯახი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვიურ პენსიას მიიღებს.
კატოვიცეში დაბადებული ბარტო პედრო ორენტ ნიჟენსკი სტრასბურგში 16 წლის ასაკში დედასთან ერთად გადასახლდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ერთდროულად რამდენიმე საქმიანობას ეწეოდა. პოლონელი მუსიკოსი ცნობილი იყო როგორც ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი. ის მხარს უჭერდა პალესტინელ ხალხს, ებრაულ კულტურას და ლგბტ მოძრაობას. ბარტო ნიჟენსკი საიმიგრაციო კრიზისის დროს ღია კარის პოლიტიკას ემხრობოდა, რის გამოც გარკვეულ წრეებში კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.
11 დეკემბერს, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაშავდა. 29 წლის თავდამსხმელი ორდღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მოკლეს.