ვინ არის პასტორი, ვის გამოც ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სავაჭრო ომი გამოუცხადა
ვინ არის პასტორი, ვის გამოც ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთს სავაჭრო ომი გამოუცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პატარა ტყისპირა ქალაქში, ბლექ მაუნთინში 1968 წლის იანვარში დაბადებული პირველი ვაჟის, ენდრიუ ბრანსონის მშობლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ 50 წლის შემდეგ მათი შვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორ მოკავშირე სახელმწიფოს სავაჭრო ომის საბაბად იქცეოდა. ვერც უკვე მღვდელი ბრანსონი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მის მიერ არჩეული გზა ორ ქვეყანას დაპირისპირებამდე მიიყვანდა.

თურქეთში მცხოვრებ ევანგელისტ პასტორს დიდი ცვლილებები თავს მოულოდნელად დაატყდა. იგი თურქეთის ხელისუფლებამ ორი წლის წინ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრა. წელიწადნახევრის თავზე, ტრამპის ადმინისტრაციამ მისი გათავისუფლება კატეგორიულად მოითხოვა, თუმცა ანკარასგან უარი მიიღო, საპასუხოდ კი ვაშინგტონმა თურქეთს სანქციები დაუწესა. შედეგად, თურქეთის ეკონომიკას ერთ კვირაში დიდი ზარალი მიადგა, ხოლო ეროვნული ვალუტა – ლირა 40%-ით გაუფასურდა.

 

„ქრისტეს სახელით“ – ამერიკელი მისიონერი თურქეთში

ჩრდილოეთ კაროლინაში გაზრდილი ენდრიუ ბრანსონი თურქეთში საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად 20 წლის წინ გადავიდა. იგი იზმირში დასახლდა, სადაც ევანგელისტურ ეკლესიაში მსახურობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელების მისიას ემსახურებოდა.

ბოლო წლებში ბრანსონს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა სირიელ ლტოლვილებთან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანი იყო, ასევე ქურთებთან, რომელთა ნაწილმა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქრისტიანობა მიიღო. 18-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იზმირის სასამართლომ მისი მისიონერობა ქვეყანაში გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. მას ამავე წლის 15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ამავდროულად, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრანსონს გადატრიალების ორგანიზატორ, თურქ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.

ენდრიუ ბრანსონის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პასტორისთვის უცნობმა ორმა პირმა განაცხადა, რომ ბრანსონი ქურთ მოსახლეობაში თურქეთის მთავრობის საწინააღმდეგო განწყობას აღვივებდა და მათ ამბოხისკენ უბიძგებდა. ბრალდებას ევანგელისტი პასტორი უარყოფს. მან თქვა, რომ თურქეთში მხოლოდ ერთი მიზნით – ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩავიდა.

„ქრისტეს მოწაფეებს ქრისტეს სიყვარულისთვის დევნიდნენ, ადრეულ ქრისტიანებსაც დევნიდნენ და სტანჯავდნენ. ახლა ჩემი დროც დადგა, – მეც უნდა დავიტანჯო და ვეწამო იესო ქრისტესთვის“, – განაცხადა სასამართლოში ენდრიუ ბრანსონმა, რომელსაც 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოგვიანებით, ბრანსონმა, რომლიც ჯანმრთელობა იზმირის ციხეში მნიშვნელოვნად გაუარესდა, ოჯახის წევრებს წერილი გაუგზავნა. იგი ცოლსა და შვილს სთხოვდა, არ ჰქონოდათ წყენა მისთვის საყვარელი თურქი ხალხის მიმართ, ვისაც მან ცხოვრების 20 წელი შესწირა.

„ილოცეთ ჩემთვის!“ – წერდა პასტორი წერილში, რომელიც მოგვიანებით გაერო-ში მისმა ქალიშვილმა ჟაკლინ ბრანსონმა ხმამაღლა წაიკითხა.

 

ვაშინგტონის დილემა – ამერიკელი ევანგელისტი პასტორი, თუ მოკავშირე თურქეთი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც არ მალავს, რომ მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ქრისტიანია, თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ პასტორი ენდრიუ ბრანსონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი მათ ეკონომიკას სანქციებით დააზარალებდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს და ამის მიზეზი ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებაა. იგი დიდი ქრისტიანი, დიდი ადამიანი და მეოჯახეა. ეს უდანაშაულო კაცი თავისი უდიდესი რწმენით პატიმრობაში იტანჯება“, – ეს სიტყვები დონალდ ტრამპმა 26 ივლისს სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა. იგივე გაიმეორა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მერილენდში სიტყვით გამოსვლისას, თუმცა ვაშინგტონის გაფრთხილება ანკარამ მხოლოდ ფორმალურ მუქარად მიიღო და საპასუხოდ ულტიმატუმი წაუყენა – ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება პასტორის თავისუფლების სანაცვლოდ.

მუსლიმ მქადაგებელსა და წარსულში პოლიტიკურ მოღვაწე ფეთჰულა გიულენს თურქეთის მთავრობა 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევისა და რეპრესიების შესახებ ღიად ალაპარაკდნენ. 2016 წლის ზაფხულიდან დღემდე თურქეთში 60 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში სდებენ ბრალს და თურქეთის მთავრობა მათ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დიდ რისკად განიხილავს. პარალელურად, მთელი ამ დროის განმავლობაში თურქეთში პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან 160 ათასამდე ადამიანი დაითხოვეს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მის ექსტრადირებას ოფიციალური ანკარა ვაშინგტონს ორი წელია უშედეგოდ სთხოვს. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ თურქეთისთვის გიულენის გადაცემა მორალურად გაუმართლებელია, რადგან გიულენს თურქეთში უვადო პატიმრობა, ციხეში კი არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პასტორ ბრანსონის გათავისუფლება და გიულენის ექსტრადირება ორი სხვადასხვა საქმეა და პრეზიდენტი ტრამპი ამ ორ შემთხვევას ერთმანეთის საპირწონედ არ განიხილავს.

დონალდ ტრამპის გაფრთხილებას ანკარას მისამართით მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. პასტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 28 ივლისს შინა პატიმრობაში გადაიყვანეს. ბრანსონის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს ორჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. რეალურად, ენდრიუ ბრანსონის შინაპატიმრობა ანკარას ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური კრიზისის ფასად დაუჯდა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა შეასრულა და რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. მისი გადაწყვეტილება ვერც ერდოღანთან გამართულმა ხანგრძლივმა სატელეფონო საუბარმა შეცვალა.

პირველ აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუსა და იუსტიციის მინისტრის, აბდულჰამით გიულის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა. მათ ამერიკამ აქტივები გაუყინა, 10 დღის თავზე კი ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინზე 20%-იანი, ფოლადზე კი 50%-იანი ტარიფი დაწესდა.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის სავაჭრო ომმა თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონის „საბედისწერო შეცდომად“ შეაფასა.

„ამერიკამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მუქარით დაიწყო ჩვენთან საუბარი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც სამართალს სცემს პატივს და მუქარას არ ვემორჩილებით. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წევრ თურქეთთან და მის ერთგულ მოკავშირესთან მეგობრობაზე მაღლა ერთი პასტორის ინტერესი დააყენა“, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის მოსახლეობას.

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად გაყიდონ დოლარი და ლირა შეიძინონ, ასევე უარი თქვან ამერიკული ტექნიკის მოხმარებაზე.

„ამერიკელებს მხოლოდ დოლარი აქვთ, ჩვენ მხარეს კი სამართალი და ალაჰია“,- განაცხადა ერდოღანმა.