ვინ არის ნიკოლას კრუზი, რომელიც პარკლენდის სკოლაში 17 მოზარდის მკვლელობაშია ბრალდებული
19 წლის ნიკოლას კრუზი ფლორიდის პარკლენდის სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც სკოლიდან გასულ წელს დისციპლინის მრავალჯერ დარღვევის გამო გარიცხეს. მისი ყოფილი კლასელები ამბობენ, რომ კრუზი ცეცხლსასროლი იარაღით 14-15 წლიდან იყო დაინტერესებული. ის ინტერნეტის საშუალებით სწავლობდა იარაღის მოდელებს და თანაკლასელებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობდა.
ამერიკულ ტელეარხ NBC-ისთან საუბარში პარკლენდის სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე იხსენებს, რომ ორი წლის წინ კრუზმა მას ინტერნეტში რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი აჩვენა და უთხრა, რომ შესაძენად ფულს აგროვებს. მაშინ ნიკოლას კრუზის ამ გატაცებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. თუმცა მასწავლებლების ყურადღება კრუზის აგრესიულმა ქმედებამ მიიპყრო. მისი თანაკლასელი ასევე იხსენებს, რომ კრუზზე ერთ-ერთ მასწავლებელს უთქვამს – იგი ადრე თუ გვიან მკვლელობას ჩაიდენსო.
„ეს დღეც დადგა. სამწუხაროდ, ჩვენი მასწავლებელი არ შემცდარა“, – ამბობს NBC-ისთან ინტერვიუში პარკლენდის სკოლის მოსწავლე 17 წლის მაიკლი.
მედიის ცნობით, ნიკოლას კრუზი რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალურ ქსელში აგრესიული შინაარსის პოსტებს წერდა, Instagram-ზე კი იარაღის ფოტოებს აქვეყნებდა.
კრიმინალური ექსპერტი და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ინსტრუქტორი კლინტ ვან ზენტი მიიჩნევს, რომ პოლიცია ნიკოლას კრუზით რამდენიმე თვის წინ უნდა დაინტერესებულიყო, მაშინ, როდესაც მან ინსტაგრამზე ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო გამოაქვეყნა.
„მოზარდებს, რომლებიც პოტენციური დამნაშავეები არიან, ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენამდე გაცილებით ადრე ახასიათებთ ამ დანაშაულზე საუბარი. მაგალითად, კრუზის ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღისადმი და აგრესია თანაკლასელების მიმართ მიუთითებდა, რომ მოზარდი შესაძლოა, საზოგადოებისთვის სახიფათო სუბიექტად ქცეულიყო. სამწუხაროა, რომ მისით პოლიცია მხოლოდ ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა“, – განაცხადა ვან ზენტმა NBC-ის ეთერში.
19 წლის ნიკოლას კრუზმა პარკლენდის სკოლაში 17 მოსწავლე მოკლა. იგი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.