დღეს ბოროტებას სირიაში ბევრი სახელი აქვს და ერთ-ერთს „ასადი“ ჰქვია, რაც არაბულ ენაზე „ლომს“ ნიშნავს.
ბაშარ ალ ასადი სამოქალაქო ომში ჩაძირული სირიის პრეზიდენტია. იგი 18 წლის წინ არაბული ლიგისა და დასავლეთის ქვეყნებში შემთხვევით რეფორმატორ მმართველად აღიქვეს.
სახელმწიფოს სათავეში პროგრესული იდეებით მოსულ სეკულარისტ ალავიტს, ბაშარ ალ ასადს სირია ისლამური სამყაროსთვის სამაგალითო დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა ექცია, მაგრამ დროთა განმავლობაში ასადი არა ქემალ ათათურქს, არამედ ლიბიელ დიქტატორ მუამარ კადაფს დაემსგავსა, – ცივილიზებული სამყაროსგან განდევნილ და იზოლირებულ ტირანს.
კადაფისგან განსხვავებით, ასადმა ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა. იგი შვიდ წელზე მეტია, რაც არაბული გაზაფხულის უკანასკნელი გადარჩენილი დიქტატორია, ვის მმართველობასაც 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული კონფლიქტი, 500 ათასი ადამიანის სიკვდილი, სამხედრო დანაშაული და საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმა უკავშირდება.
ბაშარ ასადმა სირიის პრეზიდენტის თანამდებობა მამისგან მემკვიდრეობად 2000 წელს მიიღო. პროფესიით ექიმ ასადს 90-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკურ კარიერაზე არც უფიქრია. მან ეს ფაქტი მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა.
„მამაჩემს ჩემთან პოლიტიკაზე არასოდეს უსაუბრია, არც მე მქონია ინტერესი პოლიტიკის ან სამხედრო კარიერის მიმართ”,- თქვა ასადმა 2000 წელს National Geographic-თან ინტერვიუში. იგი მამის, ჰაფეზ ასადის მემკვიდრედ უფროსი ძმის, ბასილ ასადის ნაცვლად იქცა, რომელიც 1994 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ მომავალი პრეზიდენტი ბაშარ ასადი ლონდონში ოფთალმოლოგიას სწავლობდა.
ასადების აღზევება სირიაში
სირიის, როგორც სახელმწიფოს ბედი, შესაძლოა, დღეს სრულიად განსხვავებული ყოფილიყო, 1950 წელს სირიის სოფელ კარდახაში მცხოვრებ ალავიტების ღარიბ ოჯახში დაბადებულ ჰაფეზ ასადს ჰომსის სამხედრო აკადემიის ნაცვლად, ბეირუთის სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ჩაებარებინა. მას ექიმობა სურდა, თუმცა უსახსრობის გამო, ლიბანში გამგზავრება ვერ შეძლო და სამხედრო კარიერა აირჩია.
ჰაფეზ ასადის პოლიტიკური კარიერა 1957 წლიდან იწყება, როცა ახლად დაარსებულ სამხედრო კომიტეტში მაღალი თანამდებობა დაიკავა. იგი ბაასიზმის მიმდევარი იყო, რომელიც არაბული ნაციონალიზმის, სოციალიზმისა და ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნის იდეას ეფუძნებოდა. ბაასისტებმა საკუთარი იდეოლოგიური „ტყუპისცალი“ საბჭოთა კავშირის სახით მალევე იპოვეს. შესაბამისად, მოგვიანებით ჰაფეზ ასადისა და მოსკოვის ურთიერთობა მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობად იქცა, რომელიც დღემდე კრემლსა და ბაშარ ალ ასადს შორის უცვლელად გრძელდება.
1963 წელს სირიაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბაასისტებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ჰაფეზ ასადმა გენერლის წოდება მიიღო და სამ წელიწადში სირიის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. თუმცა სირიაში პოლიტიკური ვითარება ექვსდღიან ომში განცდილმა მარცხმა მნიშვნელოვნად შეცვალა.
1967 წლის ივლისში სამმა არაბულმა სახელმწიფომ – სირიამ, ეგვიპტემ და იორდანიამ ისრაელს ომი გამოუცხადა. ომი ექვს დღეში ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. ისრაელმა სამი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. გოლანის მაღლობებზე კონტროლის დაკარგვამ ჰაფეზ ასადსა და სირიის ბაასისტთა პარტიის გენერალურ მდივან, მის ძველ თანამებრძოლ სალაჰ ჯადიდს შორის უთანხმოება გამოიწვია. ასადმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა დაიწყო და მიზანს 1971 წელს მიაღწია. ალავიტი ასადების ოჯახის მმართველობა სირიაში სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, რომელმაც ქვეყანა რეფორმებიდან ნგრევამდე მიიყვანა.
თავდაპირველად ბაასისტ გენერალ ასადს კრემლში ეჭვით უყურებდნენ, თუმცა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, მან ერთგულება დაამტკიცა. მალევე საბჭოთა კავშირმა სირიის შეიარაღება დაიწყო, 1972 წლიდან კი ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ ტარტუსში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაიხსნა. ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობა სირიის მთავრობამ 80-იან წლებში სწორედ საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით დაიწყო.
ასადების მმართველობამ სირიაში რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალთა ბალანსი მოშალა. ალავიტმა ასადმა შეიარაღებული ძალები, სადაზვერვო სამსახური, გენშტაბი ალავიტებს გადააბარა, სუნიტი მუსლიმები კი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გააქრო. ამას ემატებოდა ის ფაქტი, რომ ასადის ნათესავები სირიის შეიარაღებულ ძალებს სრულად აკონტროლებდნენ. ასადების მმართველობას პიროვნული კულტის გარეშე არ ჩაუვლია. ჰაფეზ ასადის ქანდაკება ალეპოში მის სიცოცხლეშივე აღიმართა, ისევე როგორც მისი შვილის. ასადების ოჯახისთვის არც მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნა, არც პოლიტპატიმრების წამება უცხო არასოდეს ყოფილა.
ბაშარ ასადის „გაზაფხული“, „შემოდგომა“ და „ზამთარი“
„ის მორიდებული და დახვეწილია, შესანიშნავად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლიური ენა არაბულია. ოფთალმოლოგია იმ მიზნით აირჩია, რომ სისხლთან ნაკლები შეხება ჰქონოდა. მისი ბრიტანელი ცოლი ნამდვილი საოცრებაა – ვარდი უდაბნოში. ის საიმედო ფიგურაა. მამის სასტიკ პოლიტიკას არ იზიარებს. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებაც კი შესთავაზა. საჯარო გამოსვლებში ხშირად იყენებს სიტყვებს: გამჭვირვალობა, ღირსება, რეფორმები”, – ეს სიტყვები ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ბარბარა უოტერსმა ბაშარ ასადის შესახებ 2004 წელს დაწერა. უოტერსი შეცდა და სირიის ომამდე 7 წლით ადრე „მორიდებულ ოფთალმოლოგში“ სასტიკი მმართველი, რომელიც საკუთარი ხალხის გენოციდს ხელს მოაწერდა, ვერ ამოიცნო.
ბაშარ ასადმა ექიმის კარიერა ლონდონში 29 წლის ასაკშივე დაასრულა, როცა ძმის გარდაცვალების შემდეგ მამამ სამშობლოში დაბრუნება სთხოვა. იმ მისიისთვის, რაც ასადს უნდა შეესრულებინა, სამედიცინო განათლება აღარ გამოადგებოდა. მან მამის კვალდაკვალ ჰომსის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, ხუთ წელიწადში კი სირიის რესპუბლიკურ გვარდიაში სამსახური პოლკოვნიკის წოდებით დაიწყო.
ბაშარ ასადმა პრეზიდენტის პოსტი 2000 წელს, მამის გარდაცვალების და კონსტიტუციის შეცვლის შედეგად დაიკავა. სირიის კონსტიტუცია 34 წლის ასადს საშუალებას არ აძლევდა, სახელმწიფოს მეთაური გამხდარიყო, რის გამოც ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა.
2000 წელს არჩევნებში ასადმა ხმების 97% მიიღო. პრეზიდენტობის პირველივე თვეებში მან ხელი მოაწერა მისი მამის, ჰაფეზ ასადის მიერ დაპატიმრებული სუნიტი მუსლიმების გათავისუფლების ბრძანებას. საყოველთაო ამნისტია ასობით პოლიტპატიმარს შეეხო, რის გამოც დამასკოში მდებარე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება „მეზეჰი“ დაიხურა. უმცროსმა ასადმა დასავლეთის „მონუსხვა“ ეკონომიკური რეფორმებითა და კორუფციასთან ბრძოლით დაიწყო.
მმართველობის პირველივე წლებში პირველი ოპოზიციური გაზეთი დაიბეჭდა, რომელიც მაშინ სიტყვის თავისუფლების ხელშემწყობ მოვლენად შეფასდა. მიუხედავად მცდელობისა, ასადის „ლტოლვა“ დემოკრატიისადმი დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წელში სეკულარული სირიის პრეზიდენტის სახელი საერთაშორისო ორიგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშებში ოპონენტების პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დევნის, ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამო მოხვდა.
ასადის რეჟიმის სამიზნე, პირველ რიგში, სირიელი ქურთები და ის მუსლიმები იყვნენ, რომლებსაც იგი მამის მსგავსად, რადიკალურ სუნიტურ გაერთიანება „მუსლიმთა საძმოს“- თან კავშირში ბრალდებით აპატიმრებდა. მამის მსგავსად, ბაშარ ასადს არჩევანის გაკეთება არც საგარეო პოლიტიკაში გასჭირვებია. მან საკუთარ მოკავშირეებად ირანი და რუსეთი აირჩია.
2011 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში აცნობიერებდნენ, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტი მამის კვალს გაჰყვა, ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა და მმართველობის „ბნელი გზა“ აირჩია, მაგრამ არაბული გაზაფხულის მოვლენების პერიოდში სირიის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა.
2011 წლის მარტში ქალაქ დარააში რამდენიმე სკოლის მოსწავლემ შენობის კედელზე წარწერა დატოვა – „შენი დროც მოვა, ექიმო!“. ქვეყნის „პირველმა ექიმმა“ გზავნილის ადრესატი ამოიცნო. მისი ბრძანებით, ბავშვები დააპატიმრეს. 22 სირიელი მოზარდი ციხეში სასტიკად აწამეს, რასაც დარააში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა. დემონსტრაციების პერიოდში, 2011 წლის აპრილში სირიის პოლიციამ კიდევ ერთი მოზარდი დააპატიმრა. 13 წლის ჰამზა ალი ალ-ხატები ციხეში წამების დროს დაიღუპა. მას სხეულზე მრავალჯერადი დაზიანებები და სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. დარააელი ბავშვები ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ ომი სირიაში სწორედ მათი ღირსების დასაცავად დაიწყო.
„მხეცი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სიამოვნებით ხოცავს“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადს მხეცი უწოდა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს „სიამოვნებით გუდავს გაზით და ხოცავს“. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ერთადერთი პირდაპირი იერიში სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის დროს განხორციელდა, როცა 2017 წელს იდლიბის პროვინციაში, შაირათის ბაზაზე ამერიკამ ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი გაანადგურა.
2011 წლის გაზაფხულზე, საპროტესტო აქციების ფონზე თავდაპირველად ასადის განცხადებები მუქარის რიტორიკას ნაკლებად შეიცავდა. იგი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აქციები სუნიტმა რადიკალებმა წამოიწყეს, თუმცა პროტესტი სირიის ქალაქებში სწრაფად ვრცელდებოდა.
მოსახლეობის გულის მოსაგებად ასადმა 1963 წელს ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი 2011 წლის აპრილში გააუქმა. ეს კანონი ჯარს ნებისმიერი მოქალაქის დაპატიმრების უფლებას ანიჭებდა. ხალხის შესაჩერებლად ძველისძველი კანონის გაუქმება საკმარისი არ ყოფილა. მალე სირიის ქალაქებში ტანკები და ჯარი გამოჩნდა. სირიის უმაღლესმა მთავარსარდალმა დემონსტრანტების ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ან შესაძლოა, სირიის, როგორც სახელმწიფოს დასასრულის პროლოგი.
ერთ-ერთი უმძიმესი დღე, რამაც სირიის სამოქალაქო ომის ტრაგედია სრულად ცხადჰყო, 2012 წლის 25 მაისს განხორციელებული ჰულას მასობრივი მკვლელობა იყო. ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა რადიკალურმა დაგჯუფება საბიჰამ ქალაქ ჰულაში 108 ადამიანი მოკლა, ძირითადად ქალები და 49 მცირეწლოვანი.
ერთი წლის თავზე ასადის მთავრობამ ჯერ ხან ალ ასალში, შემდეგ კი ღუტას რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი – აკრძალული ნივთიერება ზარინი, რის შედეგადაც 1500 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის იყვნენ ბავშვები. კონფლიქტის პირველ წლებში ასადის მთავრობამ ქვეყნის თითქმის ნახევარზე კონტროლი დაკარგა. მეამბოხეების, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოსა და სხვადასხვა რადიკალური სუნიტური დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად რეგიონებში, სადაც სირიის ჯარს ბრძოლაში დაწინაურება უჭირდა, ასადის ბრძანებით ქიმიური იარაღი არაერთხელ გამოიყენეს. ამ ტერიტორიებზე იერიშს სირიის ავიაცია ე.წ. კასრის ბომბებით ახორციელებდა, რომელიც ქლორის გაზით იყო სავსე.
2015 წელს ასადმა BBC-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყველა ფაქტი უარყო, თუმცა გაეროსა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს. გაეროს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების ინფორმაციით, სირიის სამოქალაქო ომში ქიმიური ნივთიერება, როგორიცაა ზარინი, ქლორის გაზი და მდოგვის გაზი ბოლო შვიდ წელიწადში თითქმის 80-ჯერ გამოიყენეს. ამ თავდასხმათა სერიების უკან შეიარაღებული რადიკალური დაჯგუფებები, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო და უმეტესად, სირიის მთავრობა დგას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ზარინზე წვდომა მხოლოდ სირიის მთავრობას აქვს, ტერორისტები კი ძირითად შემთხვევაში, მდოგვის გაზს იყენებდნენ.
2017 წლის 4 აპრილს სირიის მთავრობამ სწორედ ზარინით მიიტანა იერიში ხან შეიხუნის მოსახლეობაზე, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ასადმა სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთის დავალებით, მოქალაქეებმა იმიტირებული სიკვდილი განასახიერეს. ბაშარ ალ ასადი სირიის ომის დაწყებიდან მალე კადაფის, ვიდელას და პოლპოტის მსგავსად, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულ დიქტატორად იქცა. მის ერთადერთ მოკავშირეებად კვლავ რუსეთი და ირანი რჩებიან.
რუსეთის ინტერვენციამ სირიის ომში ასადის რეჟიმი კიდევ უფრო გაამყარა. დასავლურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ რუსეთის მთავარი მიზანი სირიაში გაცილებით მზაკვრულია, ვიდრე არაბი პარტნიორისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ხელშეწყობა. რუსეთი, რომელსაც სირიაში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს, სამოქალაქო ომში ჩაფლულ ქვეყანას სამხედრო ექსპერიმენტებისთვის იყენებს, სადაც ახალი თაობის ქიმიური იარაღის წარმოებას ცდილობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასადმა ვლადიმერ პუტინს საკუთარი მიწა სამხედრო ცდებისთვის წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო.
ამ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს სირიაში გაგზავნილი 200 რუსი დაქირავებული ჯარისკაცი, რომლებიც სამხედრო კერძო კომპანია „ვაგნერის“ სახელით არიან ცნობილი. აღნიშნული ჯგუფი შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ შეიყვანა. მათ მეორე სახელიც აქვთ – „მფატრავები“.
სირიის ომს 500 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო შვიდ წელიწადში ბაშარ ასადის მთავრობამ 200 ათასი ადამიანი დააპატიმრა. Amnesty International-ის, Human Rights Watch-ისა და სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, სირიის ციხეებში პატიმრებს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი, არაადამიანური მეთოდებით აწამებენ.
17-მილიონიანი ქვეყანა დღეს განადგურების პირასაა – 11 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია, 4 მილიონამდე – ლტოლვილი, 2 მილიონზე მეტი შიმშილის ზღვარზეა, ხოლო ბაშარ ასადი ისევ სირიის პრეზიდენტია, რომელიც Panama Papers-ის ინფორმაციით, ოფშორულ ზონაში რამდენიმე მილიარდ დოლარს ინახავს.