ვილი სანიოლი - თავიდანვე მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგებული მატჩი (4:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ.
პირველი 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. მერე შემტევებს, ხვიჩას, მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს ვთხოვე, რომ დაცვაში დიდ ძალებს ნუ დახარჯავდნენ და ეს ძალიან კარგად მოახერხეს. საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში გუნდმა იდეალური თამაში აჩვენა.
მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო განწყობით ჩამოვიდნენ და შესანიშნავი თამაში აჩვენეს.
რაც შეეხება ცვლილებებს, კიტეიშვილს არ შეეძლო 90 წუთის თამაში, ჩაკვეტაძემაც მთხოვა შეცვლა. კვარაცხელია კი დიდი ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს და იცის, როგორ გადაანაწილოს ძალები. კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. ჩვენთვის მისი მნიშვნელობა მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ევრო 2024-ის რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაგვეხმარა. მას შეუძლია, ტოპლიგაში ითამაშოს, ოთარი იდეალურად ასრულებს თავის როლს და მიხარია, ასეთი მოთამაშე რომ გვყავს.
შემდეგი შეხვედრა ალბანეთთან გველის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, ეს ძალიან ძლიერი გუნდია“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.