საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრების მწვრთნელმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩების შესახებ ისაუბრა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია.
ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს პირველ რიგში დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია, ეს მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. წელს ჩვენ წარმატებით გვსურს ერთა ლიგაზე გამოსვლა, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. არ არის საკმარისი, ივნისში შეკრებაზე გამოვცხადდეთ და ვთქვათ – მოდი, დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ. ასე არაფერი გამოვა. საჭიროა მომზადება და მარტის თამაშები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი.
– ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს.
– ჩვენ ასევე დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძე. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში. ჩვენ ბოლო პერიოდში მის კლუბთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მას ესაჭიროება კონდიციების აღდგენა. ივნისში ჩვენ ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდს ივნისში დაეხმარება, და ჩვენ სწორედ ამისი იმედი გვაქვს.
– მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მე გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია, როგორც ამხანაგურ, ასევე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ თვეებშიც ასე იქნება. თუმცა ჩემი პასუხისმგებლობაა მას ვაჩვენო, რისი გაკეთება არ შეიძლება ფეხბურთში. ვფიქრობ, რომ ირაკლი ამას ისწავლის და ეს ეპიზოდი სამომავლოდ დაეხმარება.
– აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრებს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე და დაემატა რამდენიმე ახალი. ერთ-ერთი მათგანია მექვაბიშვილი. ჩვენ მას უკვე 12 თვეა თვალს ვადევნებთ. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში“. ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორებიც არიან – კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება.
– ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვაკლია, მაგალითად გიორგი ქვილითაია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მან ბევრი გოლი გაიტანა. მიხაროდა, რომ მას წინსვლა დაეტყო და ის ეფექტურად თამაშობდა. მე მას სიამოვნებით გამოვიძახებდი, თუმცა ის ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ატარებს თამაშებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ დიდ რისკს წარმოადგენს. მე გიორგის ვუთხარი, რომ მან პირველ რიგში საკუთარ სხეულზე უნდა იფიქროს, გამოჯანმრთელდეს, ტკივილი აღარ იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ივნისში დაგვეხმარება.
– რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მას ბოლო პერიოდში კოჭი და მყესი აწუხებდა. ეს იმისი ნიშანია, რომ დასვენება და აღდგენა ესაჭიროება, რათა შემდგომ სრული დატვირთვით შეძლოს ვარჯიში და თამაში. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ „ოქრი“ ნაკრებს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. ჩვენ ამ მოთამაშეებს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ისინი ჩვენ კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ“.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი
23:45 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი
20:00 ალბანეთი-საქართველო