გუშინ გვიან ღამით სერია ა-ს მეთორმეტე ტურის მატჩში ,,მილანი” ,,სასუოლოს” ესტუმრა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ,,როსეონერის” მთავარი მწვრთნელისთვის, რომლის გუნდიც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად გამოიყურება, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საბოლოო ჯამში ,,მილანელებმა” საქმეს თავი წარმატებით გაართვეს.
პირველი გოლი მატჩის 40-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში ალესიო რომანიოლიმ გაიტანა, სასულოს ფეხბურთელები არცთუ უსაფუძვლოდ აპროტესტებდნენ მეკარეზე თავდასხმას, თუმცა მსაჯმა თავისი გადაწყვეტილება აღარ შეცვალა და გოლი ჩათვალა. რაც შეეხება მეორე გოლს ის მილანმა მატჩის 67-ე წუთზე გაიტანა. გუნდის ერთერთმა ლიდერმა სუსო ფერნანდესმა შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ მეკარეს აუღებელი ბურთი დაურტყა და მატჩში ყველაფერი გადაწყვიტა.
შეხვედრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია ანდრე სილვას, მილანი ამ გამარჯვების შემდეგ 19 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო ,,სასუოლო” 8 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ,,მილანი” 18 ნოემბერს ისევ სტუმრად გამართავს, მისი მეტოქე სერია ა-ს ლიდერი ,,ნაპოლი” იქნება, რაც შეეხება ,,სასუოლოს”, მათი მეტოქე უპირობო აუტსაიდერი ,,ბენევენტო” იქნება.