ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ოდილავაძე - პროექტები „ჩვენი ჯარი“ და „ჯარის ბანაკი“ მოზარდებს საკუთარი თავის რწმენას აძლევს, სწავლობენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებაში დაეხმარებათ
პროექტები „ჩვენი ჯარი“ და „ჯარის ბანაკი“ მოზარდებს, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას აძლევს, – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის G7 სამსახურის უფროსმა, ლაშა ოდილავაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მოგეხსენებათ, ტექნოლოგიების ერაში ისინი სმარტფონების თაობა არიან და მათ უწევთ ისეთ განსხვავებულ გარემოში ყოფნა, როგორიც არის უშუალოდ ადამიანებთან კონტაქტი სმარტფონების გარეშე. მათი სამყარო მცირე ხნით იცვლება, უწევთ ახალ გარემოში ყოფნა, ახალი მეგობრების შეძენა და ამ ახალ მეგობრებთან ერთად წინააღმდეგობების დაძლევა. ისინი ამას წარმატებით ართმევენ თავს. საკუთარ თავში პოულობენ ძალებს, იპოვონ ერთმანეთი, ნახონ ერთმანეთის შესაძლებლობები და მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და გუნდურად წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ოდილავაძემ.
მისი თქმით, მოზარდები, პირველ რიგში, სწავლობენ იმას, თუ როგორ ცხოვრობს ჯარისკაცი თავდაცვის ძალებში და სწავლობენ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში უფრო თამამი იყვნენ.
„თუნდაც იარაღთან შეხება რომ ავიღოთ, მოგეხსენებათ, თვითონ სიტყვა იარაღის გაგონება ბევრისთვის ცოტა შემაშფოთებელია, თუმცა ისინი ამ სტრესს წარმატებით ართმევენ თავს და იარაღთან არაჩვეულებრივად კონტაქტობენ. ასევე, სწავლობენ პირველად სამედიცინო დახმარებას, რაც არა მარტო ჯარისკაცისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. გადიან სამთო მომზადებას და ახერხებენ შიშის დაძლევას. ეს კომპონენტი, ერთი შეხედვით, რისკის შემცველია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანაირი უსაფრთხოების ნორმა დაცულია. გარკვეულ სიმაღლეზე გარკვეული მანძილის დაფარვისას ადამიანს შეუცნობელი შიში ეუფლება, თუმცა ამის გადალახვის შემდეგ ისინი უფრო თამამები და მამაცები არიან“, – განაცხადა ოდილავაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დაგეგმილი კონტიგენტის გაზრდა სამომავლოდ, რადგან პირველ ეტაპზე ცნობილია, რომ პროგრამაში, რომელიც 18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე დაიხურება, 800-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ლაშა ოდილავაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი გაგრძელდება, უფრო მასშტაბური გახდება, მეტ სკოლას მოიცავს და მასში მეტი რაოდენობის მოსწავლე ჩაერთვება, ხოლო პერიოდად ისევ ზაფხული დარჩება, რათა მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ.
მისივე თქმით, პროექტი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ახდენს და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობა იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა კამპანია, რადგან, თავდაცვის უწყების ინფორაციით, თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უნივერსიტეტებშიც განხორციელდეს და სტუდენტებმა სწორი, უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღონ, ლაშა ოდილავაძემ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან ხმაურიანი პროექტი, რადგან მასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრია დაფიქსირებული, რაც იწვევს იმას, რომ მოსახლეობასთან არასწორი ინფორმაციაა მისული და პროექტის, „ჩვენი ჯარის“ შეთავაზება სწორედ ამის დასაბალანსებლად მოხდა.
„მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრების ფორმატში ხდება კონტაქტი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასთან, გაცილებით უფრო ნათელი და განსხვავებული წარმოდგენა აქვთ თავდაცვის კოდექსზე, თავდაცვის ძალებზე, ჯარზე და უშუალოდ ჯარისკაცებზე“, – განაცხადა ოდილავაძემ.
შეკითხვაზე, რა იცვლება მნიშვნელოვნად თავდაცვის კოდექსით, რომლის მიღებაც ხმაურიანი განხილვის შემდეგ მოხდა და რომლის ინიცირების დროსაც თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებდა სავალდებულო სამსახურზე, პატრიოტულ მოტივებზე, იმაზე, რომ სამომავლოდ არსებული ცვლილებების შედეგად სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, ლაშა ოდილავაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის კოდექსი არის დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. მისი თქმით, სავალდებულო ჯარი არის ფუნდამენტი იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს და კოდექსის ძალით ხდება მოსახლეობის მიმართვა ჯარისკენ, რათა მათ მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ, საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვა ისწავლონ და გარდა ამისა, კოდექსში დაფიქსირებულია ბენეფიტები და კონკრეტული კარიერა, რაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება, ჰქონდეს.
„სუფთა სახელმწიფოებრივად თუ შევხედავთ, თავდაცვის კოდექსი აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. პრაქტიკაში რა იქნება, როგორ იქნება და რას გავაკეთებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს. ეს ცოცხალი ორგანიზმია“, – განაცხადა ლაშა ოდილავაძემ.