ვიაჩესლავ ვოლოდინი - ვაშინგტონი და ნატო თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევისთვის გამოიყენებს, საპასუხოდ ეს მიგვიყვანს უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებამდე
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო გლობალური კატასტროფით იმუქრება. ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ თავის არხზე წერს.
„ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევითი დარტყმებისთვის და ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს მიგვიყვანს საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“, – წერს ვოლოდინი.
რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მსოფლიო საშინელი ომისა და სულ სხვანაირი საომარი მოქმედებებისკენ მიჰყავთ. მისივე თქმით, უცხოელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შესაძლოა, დასრულდეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით და მათი ქვეყნების განადგურებით.
„უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ადრე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი ლოკალურ კონფლიქტებში, რადგანაც ეს სახელმწიფოები არ დამდგარან ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც მათ მოქალაქეებსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება“, – წერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი.