ვეტერინარი მოქალაქეებს მიმართავს, რომ შინაური ცხოველები კორონავირუსით არ ავადობენ და საფრთხეს არ წარმოადგენენ
საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტის, ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე შინაური ცხოველები არ ავადობენ კორონავირუსით და ისინი საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
ჩხიკვიშვილის განცხადებით, მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის ან პირიქით.
მისი თქმით, მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არ აქვს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის და პირიქით, მაგრამ სინამდვილეში, მსგავსი ფაქტები მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი, ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე, ან ადამიანიდან ვეფხვზე დაავადების გადასვლის არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მინდა გაცნობოთ, რომ დღეისათვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე ნამდვილად არ ავადობენ კორონავირუსით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“, – განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.