საქართველოს მოქალაქე ვეტერანებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.
ცვლილებებით, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 3000 ლარამდე შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
პროექტით, ასევე არ დაიბეგრება სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი – 3000 ლარამდეა.
“ვეტერანთა 70 პროცენტი დაუსაქმებელია, 30 პროცენტი სოციალურად დაუცველია. შესაბამიად, საგადასახადო შეღავათი დასაქმებისთვის ხელის შემწყობ გარემოებას წარმოადგენს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.