ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც უკრაინის ომის დაწყებიდან საომარ მოქმედებებს აშუქებდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საომარი მოქმედებების ზონაში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად დეტალურ ინფორმაციას აწვდის ჩვენს საზოგადოებას. გილოცავთ ყველა თქვენგანს, რამეთუ ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა არის ზუსტად ის მედიატორი, რომლითაც თითოეულ ჩვენგანს აქვს საშუალება, მიადევნოს თვალი დინამიკას, განვითარებას და ყველა გამოწვევას“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ომის დროს ჟურნალისტების მუშაობა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, დღეს კი სიმბოლურად დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რათა საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ყოველდღე ჟურნალისტთა დღეა. განსაკუთრებით ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ჩვენი რამდენიმე ჯგუფი კიევში, ეპიცენტრში იყო, გავიარეთ ძალიან რთული დღეები. ახლა კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა ლვოვში და მუშაობს იქიდან, რომ საზოგადოებას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია. ძალიან დიდ რისკს შეიცავს ომის დროს ჟურნალისტების, რეპორტიორების მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარად პრევენციაა ჟურნალისტებისთვის, დაიცვან თავი, იცოდნენ ქცევის წესები. თუმცა, გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რისკი არის ძალიან მაღალი და დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი ჯგუფი უკრაინიდან მუშაობს, ხოლო ის ჯგუფი, ვინც დაბრუნდა და ნამდვილად ყველაფერი გააკეთა, რათა ინფორმირებული ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, დღეს სიმბოლურად დაჯილდოვდა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.