ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს სამშაბათს, 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადებაში საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.
„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია. დიდია ჩვენი გულისტკივილიც. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე. სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.
შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.