ვერტმფრენი, რომელსაც კოლუმბიის პრეზიდენტი გადაჰყავდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს
ვერტმფრენი, რომელსაც კოლუმბიის პრეზიდენტი გადაჰყავდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს

ვერტმფრენი, რომელსაც კოლუმბიის პრეზიდენტი გადაჰყავდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კოლუმბიის პრეზიდენტი, ივან დუკე ვერტმფრენით კატატუმბოს რეგიონში, ქალაქ კუკუტას მახლობლად გადაადგილდებოდა.

გარდა პრეზიდენტისა, ვერტმფრენში კოლუმბიის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და სანტანდერის რეგიონის გუბერნატორიც იმყოფებოდნენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კატატუმბოს რეგიონი ვენესუელას საზღვართან მდებარეობს. რეგიონში მცენარე კოკას პლანტაციებია გაშენებული, რომელიც ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ძირითად ინგრედიენტად გამოიყენება. რეგიონში ამბოხებული მემარცხენე დაჯგუფება ეროვნული გამათავისუფლებელი არმია (ELN) ოპერირებს, რომელმაც 2016 წელს უარი განაცხადა მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. ამბოხებულები ნარკო-ტრეფიკინგით არიან დაკავებულნი.