ვერნერ ჩოლი - ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება, ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში
ვერნერ ჩოლი - ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება, ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში

ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება, ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, – ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა, ვერნერ ჩოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები. შევთანხმდით, რომ მშენებლობას დავიწყებთ 2019 წელს. დღესვე ვეწვიეთ ობიექტს. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი ადგილია, ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში, რაც კი მინახავს. ის გარშემორტყმულია საუცხოო მთებით. გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ ისეთი მუზეუმის აშენებას, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება ამ ადგილს“, – აღნიშნა ცნობილმა არქიტექტორმა.

არქიტექტორი, რომელიც „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტზე იმუშავებს, მსოფლიოში ცნობილ მთამსვლელთან, რაინჰოლდ მესნერთან ერთად, სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მესტიაში, ზურულდზე ის ადგილი დაათვალიერა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა და იტალიელმა არქიტექტორმა ვერნერ ჩოლმა პროექტის დეტალები განიხილეს.

როგორც რაინჰოლდ მესნერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „კავკასიის მთის ცენტრი“, რომელიც სვანეთში აშენდება, მისი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

ვერნერ ჩოლი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორია, 2016 წელს კი მას წლის არქიტექტორის წოდება მიენიჭა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.