ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სროლის საქმეზე დაკავებულ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის რამდენიმე არგუმენტით ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ კონსტანტინე ჯორბენაძის შემთხვევაში, პროკურორმა განაცხადა, რომ ის ადუაშვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ადუაშვილმა ისროლა ზურაბ კუჭავას მიმართ, მან იცოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, თუმცა გამოძიებას არ შეატყობინა. ასევე, პროკურორის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
რაც შეეხება გიორგი ადუაშვილს, პროკურორის თქმით, ის რამდენჯერმე ნასამართლევია. მისივე თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. როგორც პროკურორმა განაცხადა, ადუაშვილის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა სხვათა სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე.
რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა თავად მიიყვანა ადუაშვილი კლინიკაში. მას არასდროს ჰქონია სურვილი, გამოძიებას მიმალვოდა. ასევე საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჯორბენაძემ დაინახა, ვინ ისროდა, მიუხედავად იმისა, რომ ის და ადუაშვილი ერთ მანქანაში ისხდნენ.
ადვოკატი ითხოვდა 7 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარებას.
გიორგი ადუაშვილის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა და მოსამართლეს მიმართა, თავად განესაზღვრა გირაოს თანხა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ზურაბ კუჭავა ჩვენებაში არ საუბრობს ადუაშვილის ბრალეულობაზე.