ვენესუელის პრეზიდენტზე თავდასხმის გამო, ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს და მეორეს დაკავების ბრძანება გასცეს
ვენესუელის პრეზიდენტზე თავდასხმის გამო, ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს, ხოლო მეორეს დაკავების ბრძანება გასცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
ხულიო ბორხესს „დანაღმული დრონებით” ნიკოლას მადუროზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპუტატის ქმედებები „სამშობლოს ღალატის” ნიშნებს შეიცავს.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ხუან რეკესენსი, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია, უკვე დააკავეს.
პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზების საქმეზე სულ 19 პირი აიყვანეს. ოპოზიციონერი დეპუტატების საქმესთან კავშირი სწორედ დაკავებულების დაკითხვისას გახდა ცნობილი. დაკითხვის ვიდეოჩანაწერი დღეს გაავრცელეს. ბრალდებულები ორ დეპუტატს ახსენებენ.
ნიკოლას მადუროს, სამხედრო აღლუმის მიმდინარეობის დროს, 4 აგვისტოს დაესხნენ თავს. ის თავდასხმას უვნებლად გადაურჩა.