ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა, ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა
ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ვენესუელა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. მას შემდეგ, რაც ვენესუელის სასამართლომ გონსალესის დაკავების ორდერი გასცა რამდენიმე დანაშაულის გამო, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციის, დოკუმენტების გაყალბების, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებისა და სისტემის საბოტაჟის, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის თქმით, ვენესუელამ გონსალესს „პოლიტიკური სიმშვიდის გამო“ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ გონსალესი ესპანეთში საკუთარი თხოვნის საფუძველზე ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩავიდა.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგებით არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ევროკავშირში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას, ვიდრე ხმის მიცემის დეტალურ შედეგებს არ იხილავენ. აშშ-ში კი განაცხადეს, რომ გონსალესმა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა და მადუროს დამარცხების უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. მადუროს მხარდაჭერაზე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანამაც თქვა უარი. მადუროს ყოფილმა მოკავშირემ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ვენესუელის მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.