ვენესუელის ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მადუროს რეჟიმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს
ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერს ხერმან დიასს იმედი აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც გაიზიარებენ. ამის შესახებ ხერმან დიასმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა და ავტორიტარი მმართველის, მადუროს მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. აღიარებას საქართველო და რამდენიმე დასავლური ქვეყანაც შეუერთდა.
პირველმა არხმა ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერთან, ხერმან დიასთან ინტერვიუ გასული წლის 29 მარტს ჩაწერა. დიასმა განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს.
„მადუროს ავტორიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, მთავრობა უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. ახალი დემოკრატიული მთავრობა მემკვიდრეობად მიიღებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით უნდა გაუმკლავდეს. ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელიც მემკვიდრეობად ერგება წინა ულტრამემარცხენე ხელისუფლებისგან. მათ შორისაა ოკუპირებული, არალეგალურად არსებული ორი სახელმწიფოს – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. დარწმუნებული ვარ, ეს აღიარება გაუქმდება“, – განაცხადა ხერმან დიასმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ჩავიზმის პერიოდში რუსეთის ფედერაციასთან ვენესუელის დაახლოებამ ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანა.
დიასი გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტივისტია. იგი აქტიურად არის ჩართული ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
2014 წელს საპროტესტო აქციების დროს, ხერმან დიასი ოპოზიციის ლიდერ ლეოპოლდ ლოპესთან ერთად დააპატიმრეს. მან „ფეისბუქზე“ მედიაპლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ვენესუელის შესახებ სწორ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მადურო ვენესუელაში მედიას მკაცრად აკონტროლებს და სიმართლეს დეზინფორმაციით ებრძვის.
მისივე თქმით, თუ ქუჩის აქციებით რეჟიმი არ დაემხო, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადასარჩენად აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია იქნება.
დიასმა პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან ვენესუელელი ხალხი მეტ მხარდაჭერას გრძნობს, ვიდრე – ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.
„სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია სამხედრო ინტერვენცია, თუმცა თუ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივიდა, რისი რისკიც არსებობს, ნიკოლას მადუროს დიქტატურის შესაჩერებლად შეერთებული შტატების ჩარევა აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა ხერმან დიასმა.
ლათონოამერიკული პრესა წერს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში მის მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა პერუ და არგენტინა, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს.