ვენესუელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის შეთქმულების ბრალდებით უცხოელები დააკავეს, რომლებიც ნიკოლას მადუროს მკვლელობას გეგმავდნენ
ვენესუელაში ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის შეთქმულების ბრალდებით უცხოელები დააკავეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის აშშ-ის სამი, ესპანეთის ორი და ჩეხეთის ერთი მოქალაქეა.
ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და სხვა ვენესუელელი მაღალჩინოსნების მკვლელობას გეგმავდნენ.
ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოს განცხადებით, ამოღებულია ასევე იარაღის 400-მდე ერთეული. ვენესუელის მთვარობა აცხადებს, რომ დაკავებული ესპანელები ესპანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. თუმცა ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამ ინფორმაციას უარყოფენ. ვენესუელის შს მინისტრის მტკიცებით, ოპერაციას აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ხელმძღვანელობდა. აშშ-ის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
„მადუროს გადაყენების შეთქმულებაში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება ყალბია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მხარდაჭერას განაგრძობს.
ვენესუელაში უცხოელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აშშ-სა და ესპანეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გავრცელდა. პარასკევს ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ესპანეთის ელჩი დაიბარეს იმის გამო, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენესუელის მთავრობა „დიქტატურად“ შეაფასა. მანამდე აშშ-მა სანქციები დააწესა 16 ვენესუელელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დაკავშირებული არიან არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს გამოცხადებასთან და არჩევნების შემდგომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში.
ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო ივლისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა საარჩევნო ორგანოს ხმის მიცემის დეტალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად კი, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.