ვენესუელის ხელისუფლება ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვაში ოპოზიციას ადანაშაულებს
ვენესუელის ხელისუფლება ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ვენესუელაში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიი მიწოდება რამდენიმე საათით იყო შეფერხებული. მთავრობამ ეს ოპოზიციის მიერ მოწყობილ საბოტაჟს დააბრალა, თუმცა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრმა, ფრედი ნანეზმა განაცხადა, რომ დენის მოწოდება ქვეყნის 24-ვე შტატში იყო შეწყვეტილი.
„ჩვენ კვლავ გავხდით ელექტროენერგეტიკული საბოტაჟის მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა.
ხელისუფლების ოპონენტები ბრალდებებს უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ ვენესუელაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ქვეყანაში არსებული ფინანსური პრობლემებია, რასაც ელექტროსისტემის ინფრასტრუქტურის გაუარესება მოჰყვა.
ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოს ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
ელექტროენერგიის გათიშვამ გავლენა იქონია ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოპერირებაზე, კერძოდ, უდიდეს ტერმინალზე ხოსეში, სადაც გემების ნავთობით დატვირთვა და ჩამოცლა შეფერხდა. ვენესუელის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 70% ხოსეს ტერმინალის მეშვეობით ხორციელდება.
ვენესუელაში ელექტროენერგიის ასეთი მასშტაბური გათიშვა უკანასკნელად 2019 წელს მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარი მაშინაც ელექტროქსელზე თავდასხმებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მთავრობის მოწინააღმდეგეთა საბოტაჟს მიაწერა.