ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არეგულირებს
ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არეგულირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, წარადგინონ ანგარიში, მათი დონორები ადგილობრივები არიან თუ უცხოელი. ამასთან, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, კანონის ტექსტში არ არის განსაზღვრული, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს.
კანონში ასევე ნათქვამია, რომ „ვენესუელაში რეგისტრაცია ეკრძალებათ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ფაშიზმის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური, იდეოლოგიური ან გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის ან სიძულვილის პროპაგანდას“.
შესაბამისი ინიციატივა მმართველი სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, დიოსდადო კაბელიომ 2023 წელს წარადგინა. აღნიშნული კანონის დამტკიცებამდე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, არ მიიღოს „ეს ან სხვა კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქვეყანაში სამოქალაქო და დემოკრატიულ სივრცეს“.
შეგახსენებთ, ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული ხმების დათვლის შედეგებით, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერო ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.