ვენესუელელი მიგრანტები მეზობელ ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვენ
ვენესუელელი მიგრანტები მეზობელ ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვენ

ათასობით ვენესუელელი მიგრანტი თავშესაფრის მოლოდინში ბრაზილიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორის საზღვართან შეიკრიბა. ისინი მეზობელი ქვეყნების მთავრობებს თავშესაფარს სთხოვენ.

ეკვადორის მთავრობა მზად არის, თავშესაფრით უზრუნველყოს მრავალშვილიანი ოჯახები. მათ ლტოლვილის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიანიჭებენ. მანამდე კი, ეკვადორის მიგრაციის სამსახური ვენესუელიდან გაქცეული მიგრანტების აპლიკაციებს განიხილავს. გაქცეული ათასობით მოქალაქე მეზობელი ქვეყნების საზღვარზე ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

ბრაზილიაში ქალაქ პაკარაიმას მოსახლეობა მთავრობას მოუწოდებს, ვენესუელასთან საზღვარი ჩაკეტოს. რამდენიმე საათში ბრაზილია-ვენესუელის საზღვარზე ჯარს გაგზავნიან, რათა მიგრანტებმა  საზღვარი ვეღარ გადალახონ.

ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმისა და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გამო, ვენესუელიდან ბოლო სამ წელიწადში 3 მილიონამდე ადამიანი გაიქცა. ვენესუელაში მოსახლეობის 87 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.