ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ლიდერმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, 55 წლის მადურომ ამომრჩეველთა ხმების 67,7 პროცენტი მიიღო. ცესკოს მონაცმებით მას მხარი ხუთ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა.
მადუროს მთავრი კონკურენტი ენრი ფალკონი იყო, რომელსაც ელექტორატის 21,2% მიემხრო. ფალკონმა მალევე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.
მისი თქმით, მადურომ და მისმა მთავრობამ ამომრჩევლები მოისყიდა და ოპოზიციას ამის დამამტკიცებელი ყველა საბუთი აქვს. ფალკონის განცხადებით, მის მხარდამჭერებს 142 ათასი საჩივარი აქვთ დაწერილი, რაც მასობრივ დარღვევებზე მიუთითებს.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეთა მხოლოდ 40-მა პროცენტმა მიიღო. თუმცა, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, აქტივობა გაცილებით ნაკლები იყო.
გამარჯვებულმა მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში ისტორიული დღეა. მისი თქმით, ამ დრომდე ვენესუელაში 47%-იანი სხვაობით არცერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია .
ოპოზიციურმა კოალიციამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენა და კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. კოალიცია აცხადებს, რომ, ეს იყო იმიტირებული შოუ, რომელიც მთავრობამ საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად დადგა. მადუროს ბევრი კონკურნეტი და მოწინააღმდეგე ციხეშია. ზოგიერთი კი საზღვარგარეთ გაიხიზნა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები ჯერ კიდევ მის გამართვამდე, არალეგიტიმურად ცნო აშშ-მა და ევროკავშირმა, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმაც.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობას ნიკოლას მადურო კიდვე ექვსი წლით დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში მადუროსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ბრძოლა უკვე წლებია გრძელდება. ამ ბრძოლის გამო ვენესუელაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისია. ამასთან, ნავთობის გაუფასურებამ და ინფლაციამ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები და პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია.