ვენესუელაში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი დედაქალაქ კარაკასში შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის გამარჯვების აღიარება მოითხოვა
ვენესუელაში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი დედაქალაქ კარაკასში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის გამარჯვების აღიარება მოითხოვა.
დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, რომელმაც მხარდამჭერებს ქუჩაში დარჩენისკენ მოუწოდა და არჩევნების შედეგების დამოუკიდებელი საერთაშორისო გადამოწმება მოითხოვა.
ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ვენესუელის სხვა ქალაქებშიც, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში, მექსიკაში, ჩილეში ესპანეთსა და აშშ-ში.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციამ ხმების დათვლის საკუთარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 2 400-ზე მეტი ადამიანი, შეტაკებებისას კი 23 ადამიანი დაიღუპა.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.