ვენერასკენ წარუმატებლად გაშვებული საბჭოთა ხომალდი შესაძლოა, წელს დედამიწაზე ჩამოვარდეს
ვენერასკენ წარუმატებლად გაშვებული საბჭოთა ხომალდი შესაძლოა, წელს დედამიწაზე ჩამოვარდეს

ეს ამბავი 1970-იან წლებში იწყება, როცა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომი ერთგვარ კოსმოსურ შეჯიბრში გადაიზარდა.

1972 წლის 31 მარტს საბჭოთა კავშირმა პლანეტა ვენერაზე ზონდი „კოსმოს 482“ გაუშვა. თუმცა, კოსმოსურმა ხომალდმა კრახი განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

წარუმატებელი ხომალდის ნარჩენები ორბიტაზე დღემდე რჩება და კოსმოსურ ნაგვად არის ქცეული. თუმცა, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება. მკვლევართა განცხადებით, ნარჩენები თანდათან დაბლა ჩამოდის და დედამიწისკენ მოემართება. შეჯახება შესაძლოა, წელსვე მოხდეს.

„კოსმოს 482-ს“ ჰყავდა დობილი ზონდი „ვენერა 8“, რომელიც 1972 წელს ვენერას ზედაპირზე წარმატებით დაეშვა და მეორე ხომალდი გახდა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ეს შეძლო. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ საბჭოთა კავშირი პლანეტა ვენერას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა, რაც მის კოსმოსურ მისიებშიც აისახებოდა.

ვენერას ზედაპირზე დაჯდომის შემდეგ, „ვენერა 8“ 50 წუთისა და 11 წამის განმავლობაში გადმოსცემდა მონაცემებს, შემდეგ კი პლანეტის მკაცრ გარემოს ვეღარ გაუძლო და დადნა.

საბჭოთა კავშირის კოსმოსური ისტორიის მკვლევრის, დონ მიტჩელის განცხადებით, სრულიად სხვა ბედი ეწია „კოსმოს 482-ს“, რომელმაც კრახი განიცადა და დედამიწის ორბიტაზე გაიჭედა. ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად ავზი და გარკვეული აღჭურვილობა დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა, მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც ორბიტაზე დარჩა.

 

„ვენერა 8“ შედგებოდა ხომალდი „ავტობუსისა“ და ზედაპირზე დამჯდომი ზონდისგან. დიზაინის მხრივ, ეს ზონდი სფერული ფორმის წნევის რეზერვუარი იყო, „ვენერა 7-ის“ მსგავსად.

„ვენერა 7“ 1970 წლის აგვისტოში გაუშვეს და იმავე წლის 15 დეკემბერს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხომალდი გახდა, რომელიც ვენერას ზედაპირზე დაეშვა. ზედაპირზე მან სულ რამდენიმე წუთი გაძლო, მაგრამ მაინც მოასწრო ღირებული მონაცემების გამოგზავნა.

თუმცა, დედამიწის გარშემო, ყოველ 112 წუთში ერთხელ დღემდე მოძრაობს „კოსმოს 482-ის“ შემსვლელი კაფსულა, რომელსაც ხომალდი ვენერას სქელ ატმოსფეროში შესვლისას სიცხისგან უნდა დაეცვა. მისი მასა 495 კილოგრამია და აქვს მნიშვნელოვანი თერმული დაცვა.

„ვენერა 13-ის“ მიერ ვენერას ზედაპირზე გადაღებული ფოტოები

გამომდინარე აქედან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის ადვილად გაუძლებს გარდაუვალ შემოსვლას თავისი მშობლიური პლანეტის ატმოსფეროში.

 

„დიახ, ატმოსფეროში შემოსვლას ხომალდი უპრობლემოდ გადაურჩება. ალბათ სასაცილო სანახავი იქნება, თუ დავინახავთ, რომ ის დედამიწაზე პარაშუტით ეშვება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ბატარეები, რომლებმაც პარაშუტი უნდა გახსნან, დიდი ხნის მკვდარია“, — ამბობს თანამგზავრების მკვლევარი თომას დორმანი.

უკვე რვა წელია, ხომალდის ნარჩენებს 10-ინჩიანი აპერტურული ტელესკოპით აკვირდება ნიდერლანდელი ვეტერანი ასტროფოტოგრაფი ლაიკ დორმანი. ცოტა ხნის წინ, ნარჩენებს მან ფოტოც გადაუღო. სურათზე ჩანს, რომ ობიექტი აალებულია. გამომდინარე იქიდან, რომ დამცავი ფარი ვერ დაიწვება, სავარაუდოა, რომ ორბიტაზე ხომალდის სხვა ნაწილები მოძრაობს.

ლაიკ დორმანის მიერ გადაღებული ფოტო

დორმანის ვარაუდით, გადარჩენილია ხომალდის ზედა ნაწილის 40-50 პროცენტი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში წლის ბოლოს შემოვა. მისივე თქმით, ეს ვადა შესაძლოა გადაწიოს მზის აქტივობამ.

როგორც დორმანი აღნიშნავს, ხომალდის ნარჩენები დედამიწის გარშემო ცვალებად, გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს. ყველაზე შორ წერტილში ის დედამიწიდან 2735 კილომეტრითაა დაშორებული, ყველაზე ახლოს კი 200 კმ-ით.

კიდევ ერთი შეფასების მიხედვით კი შესაძლოა, „კოსმოს 482-ის“ ნარჩენები ორბიტაზე კიდევ 2,5 წელიწადს დარჩეს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.