ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ
ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დღეიდან დაიწყება. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და ამ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება.
ვენეციის კომისიის წევრები პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ დაელოდა, უსაფუძვლოა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვენეციის კომისია დადებითად შეაფასებს.
„ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცნობთ პროექტს, რომელიც ჩვენს მიერ არის მომზადებული. რაც შეეხება კრიტიკას, ეს არის უსაფუძვლო, რადგან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ეგზავნება ვენეციის კომისიას. ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე, რათა დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე მეორე მოსმენით იქნება მიღებული ჩვენი კანონპროექტი. ვენეციის კომისიას გავუზიარებთ ჩვენს პოზიციას და დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის პოზიცია იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდებიან. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს პარტია საკუთარ შეხედულებას გაუზიარებს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. სამადაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.
„ჩვენი პოზიცია იქნება, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ არის მორგებული იმ კლანის ინტერესებზე, რომელიც დღესაც მართავს სასამართლოს და ავუხსნით დეტალებს ვენეციის კომისიას, თუ როგორ განახორციელებს აღნიშნული კანონპროექტი ამ კლანის მმართველობის განმტკიცებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისია დააფიქსირებს ძალიან მკაფიო პოზიციას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა,
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ „ევროპული საქართველოს“ წევრებთანაც. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის წევრებს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას გააცნობს.
„ევროპული საქართველო“ ვენეციის კომისიის ექსპერტებს პირველ რიგში აუხსნის იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში. ის, რომ სისტემას მართავს ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი კლანი, რომელმაც დეკემბერში პრაქტიკულად საკუთარი თავის ილუსტრაცია მოახდინა, როდესაც ის ათკაციანი სია გადმოუგდო პარლამენტს. ჩვენ შევთავაზებთ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და ხედვას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვენეციის კომისიის ექსპერტები პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებსაც შეხვდებიან.