უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობის თავიდან ასარიდებლად, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ნებისმიერი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოს საპარალამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.
დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილების მიღების შესაძლებლობა მოსამართლეობის გამოცდილების არმქონე პირებს აქვთ.
როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, კანონში არსებული განმარტება „სამართლებრივ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“ უჩვეულო ფორმულირებაა, რომელიც შემდგომ შესწავლას მოითხოვს.
„თუ „სპეციალისტი“ მიუთითებს, რომ თუ იურისტს, უფრო მეტად საერთო იურიდიული განათლებით, არ ექნება მონაწილეობის უფლება, ეს არის უკიდურესად შემზღუდველი და დარტყმას აყენებს უზენაესი სასამართლოს სასურველი მრავალფეროვნების შესაძლებლობას“, – ნათქვამია დასკვნაში.
ასევე, დასკვნის შესაბამისად, არამოსამართლე კანდიდატებისთვის მეორე დაბრკოლებაა საკვალიფიკაციო გამოცდა. კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა გადაიხედოს, რადგან, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ „სამართლებრივ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“ უნდა იყოს. ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტი კი, არ უნდა იყოს იძულებული, რომ გამოცდა ჩააბაროს კვალიფიკაციის დასამტკიცებლად.
კომისიას მიაჩნია, რომ კრიტერიუმებში ძირითადად გათვალისწინებული უნდა იყოს გამოცდილება და უფრო მაღალი ასაკი. შერჩევა დაფუძნებული უნდა იყოს ღირსებაზე, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება კვალიფიკაციას, ეფექტიანობას, შესაძლებლობებს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს აუცილებელი სამართლებრივი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია.
ასევე, დასკვნის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის დროს ფარული კენჭისყრა უნდა გადაიხედოს და სასურველია გაუქმდეს. ორგანულ კანონში არსებულმა ნორმამ, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია, იუსტიციის საბჭოს ამოცანა შესაძლოა, გაართულოს.
ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის საბჭოს, მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანდიდატების არა მხოლოდ წარსულ გამოცდილებას, არამედ მათ მიერ გაცემულ პასუხებს. კომისია განმარტებით, ეს განაპირობებს, პროცედურა ეფუძნებოდეს არა ფარულ კენჭისყრას, არამედ უფრო მეტად ობიექტური კრიტერიუმის დადგენას, სადაც თითოეული კანდიდატი არის შეფასებული. კანდიდატებს მინიჭებული ექნებათ შეფასების პროცესში აღებული ქულები, რაც პარლამენტისთვის საუკეთესო კანდიდატების წარდგენას უზრუნველყოფს.
ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნით, კანდიდატების შესახებ მოგროვებულ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებზე მოგროვებული მონაცემების შეფასება კანონის შესაბამისად მოხდეს. მონაცემის შემოწმება არ უნდა იყოს თვითნებური და სუბიექტური“, – აცხადებს კომისია.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, 2019 წლის პირველი ივლისიდან კი, მხოლოდ რვა მოსამართლე იქნება, ახალი 20 მოსამართლის შერჩევის აუცილებლობას განაპირობებს.
„იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტს უტოვებს, ამჟამინდელ პარლამენტს ახალი სასამართლოს დაკომპლექტების შესაძლებლობა ექნება, რომლის შემადგენლობა უცვლელად შესაძლოა, 20-30 წელს დარჩეს“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
კომისიის დასკვნის თანახმად, შემდგომი დანიშვნები შესაძლებელია, განხორციელდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„პარლამენტმა უნდა აირჩიოს იმ რაოდენობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს საქმიანობის განსახორციელებლად. თუ რამდენი მოსამართლე იქნება ამისთვის საჭირო, უნდა დადგინდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. რაოდენობა არ უნდა გადასცდეს 18-დან 20-მდე ვაკანტური პოზიციის ნახევარს. შემდგომი დანიშვნები შესაძლებელია, განხორციელდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი.
კომისია ასევე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლის ვადით დანიშვნა შესაძლოა, ზედმეტად ხანგრძლივი იყოს.
„რადგანაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი ნიშნავს, უკიდურესად მნიშვნელოვანია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროცედურები შემუშავდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს კანდიდატების კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც კონსტიტუცია ითხოვს. მისასალმებელია, რომ საჯარო მოსმენა გაიმართება. პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების ნაკლოვანებების დასაბალანსებლად, პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ღირსებებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს პარლამენტისა და საზოგადოებისთვის. ეს მოტივაციას მისცემს პარლამენტს, გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიული ღირსების და არა – პოლიტიკური შეხედულებებით“, – აცხადებს კომისია.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებმა თბილისში შეხვედრებისას მიიღეს ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს შესახებაც.
„თბილისში, ვენეციის კომისიის დელეგატების შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს არის თუ არა ნდობის დაბალი ფაქტორი სამართლიანი. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს აარჩევს, აღნიშნული სია კი შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ თითქმის ყველა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცებს, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს შესაძლოა, საზოგადოების ნდობის ფაქტორზე ნეგატიურად აისახოს. ისეთი ინსტიტუტი კი, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.
როგორც კომისია აღნიშნავს, ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს დისკრეციული უფლება, კანდიდატების შესახებ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაცია მიიღოს. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისია მიიჩევს, რომ სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში შესაძლოა, განსხვავებული არჩევანი გაკეთდეს. ეს კი, თვითნებობის რისკს წარმოადგენს.
„მეორეს მხრივ, რადგან კანდიდატებს ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილება აქვთ, წყაროების საერთო კონცეფციის ჩამოყალიბება ალბათ, რთული იქნება. ორგანული კანონის აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კომპრომისი შეიძლება, იყოს შემდეგი – კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვონ ინფორმაციის მოძიება მათ მიერ მითითებული წყაროებიდან“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.